სომხეთის პრემიერმა საქართველოს ევროკომისიის დადებითი რეკომენდაცია მიულოცა. პარიზში მიმდინარე ფორუმზე, სადაც პანელურ დისკუსიაში ფაშინიანი საქართველოს პრემიერთან ერთად მონაწილეობს, მან ხაზი გაუსვა კონფლიქტების მოგვარების მნიშვნელობას.
„მინდა, მივესალმო ევროკომისიის გადაწყვეტილებას, რომელმაც რეკომენდაცია გასცა ევროპული საბჭოსადმი, საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია, ყურადღებით ვაკვირდებით, თუ რა ხდება, საქართველოს ამ გზაზე წარმატებას ვუსურვებ,“ განაცხადა ფაშინიანმა პანელზე - „თანამშრომლობის ასპექტები დაპირისპირებულ სამყაროში - მშვიდობის უზრუნველყოფა და უსაფრთხო სამყაროს შენება კავკასიის მაგალითზე.”
პარიზის მშვიდობის ფორუმი, რომელიც 10 ნოემბერს გაიხსნა, 11 ნოემბერსაც გაგრძელდება. ფორუმში მონაწილეობენ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი, ახალი ზელანდიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ჯასინდა არდერნი, საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი და საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი.
შეგახსენებთ, 8 ნოემბერს, ევროკომისიამ გაფართოების პაკეტში ანგარიში გამოაქვეყნა და ევროკავშირის საბჭოს რეკომენდაცია მისცა, საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, უკრაინასთან და მოლდოვასთან კი, გაწევრიანების მოლაპარაკებები გახსნას.
ცნობისთვის, გასული წლის 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა.
ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა.
23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და განაცხადა, რომ მზად იყო, კანდიდატის სტატუსი მიენიჭებინა ქვეყნისთვის, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდებოდა. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭა.