პრემიერი ემანუელ მაკრონისა და მისი მეუღლის სახელით გამართულ ვახშამზე იმყოფებოდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონისა და მისი მეუღლის, ბრიჯიტ მაკრონის სახელით გამართულ ვახშამზე იმყოფებოდა.

საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, ვახშამი „პარიზის მშვიდობის ფორუმის“ მონაწილე სახელმწიფოებისა და მთავრობის მეთაურების პატივსაცემად ელისეს სასახლეში გაიმართა.
 
ღარიბაშვილმა მაკრონთან გამართული შეხვედრის შესახებ დღეს კიდევ ერთხელ ისაუბრა.
 
„მინდა, კიდევ ერთხელ მივულოცო ჩვენს ხალხს ეს დიდი აღიარება და დაფასება. ბატონ მაკრონთან მქონდა ძალიან შინაარსიანი საუბარი. ბუნებრივია, ჩვენ შევეხეთ ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებს, მეგობრობას. მე მას ვუთხარი, რომ ჩვენ ძალიან ვაფასებთ ამ დამოკიდებულებას, რომელიც მისი მხრიდან იქნა წარმოჩენილი და რა თქმა უნდა, საფრანგეთი არის ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანა და ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე საფრანგეთის მხარდაჭერას აქვს უდავოდ ძალიან დიდი მნიშვნელობა. ამიტომ, ბუნებრივია, პრეზიდენტ მაკრონთან ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას.

 
მე მისგან მივიღე მხარდამჭერი სიტყვები. მან მითხრა, რომ საფრანგეთი მხარს დაუჭერს ჩვენი ქვეყნის მისწრაფებას ევროპულ გზაზე. რა თქმა უნდა, მას მივაწოდე ინფორმაცია ქვეყანაში არსებული მდგომარეობის შესახებ, იმ რეფორმებზე, იმ პროცესზე, რომელიც ჩვენ ყველამ ერთად გავიარეთ. მე ასევე ვუთხარი პრეზიდენტ მაკრონს, რომ, რა თქმა უნდა, ეს პროცესი არ სრულდება ამით და ეს არის პროცესი, რომელიც უნდა გაგრძელდეს. ჩვენ ამას გავაგრძელებთ. ჩვენ ამით ახალ ეტაპზე გადავდივართ და გადადის ქვეყანა, მაგრამ პროცესი უნდა გაგრძელდეს და კიდევ უფრო მეტ წარმატებას უნდა მივაღწიოთ.

ჩვენი საბოლოო მიზანი, ბუნებრივია, არის მოლაპარაკებების გახსნა და შემდეგ უკვე საბოლოო გაწევრიანება ევროკავშირში, რასაც, რა თქმა უნდა, წლები დასჭირდება, მაგრამ ჩვენ ამისთვის უნდა მოვამზადოთ ჩვენი ქვეყანა, ბუნებრივია, ერთ დღეში და ორ დღეში ვერ მოხერხდება, მაგრამ ის წარმატება და პროგრესი, რომელსაც მივაღწიეთ, შეიძლება ითქვას გადაჭარბების გარეშე, რომ ეს არის ნამდვილად ხელშესახები ჩვენი ხალხისთვის, ასოცირება, თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო რეჟიმი და ახლა უკვე ეს სიმბოლური დაგვირგვინება მთელი ამ 10 წლიანი პროცესის, კანდიდატის სტატუსი არის ძალიან დიდი მიღწევა და კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო ამის თაობაზე,“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.