რას პასუხობს პრეზიდენტი პუტინისა და სი ძინპინის შესაძლო გასამართლებაზე დასმულ შეკითხვას

საქართველოს პრეზიდენტის შეფასებით, ვლადიმერ პუტინის გასამართლება ისტორიული შედეგი იქნებოდა, მაგრამ სალომე ზურაბიშვილის აზრით, ეს არარეალისტურია.

ფრანგულ LCI-სთან ინტერვიუს თარგმანს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.


„გულში იმედოვნებთ, რომ პუტინი და ასევე სი ძინ პინი როდესმე გასამართლდებიან? ეს ძალიან შორეულ პერსპექტივაში ჩანს, სი ძინ პინი, უიგურების გენოციდისთვის, ვლადიმერ პუტინი ბრალდებულია არა მხოლოდ ომის დანაშაულისთვის, არამედ კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის. თქვენი პირადი სურვილია, რომ ეს ორი ადამიანი გასამართლდეს, პუტინი რა თქმა უნდა, უპირველესად, რადგან თქვენ უფრო გეხებათ“... ჰკითხა ჟურნალისტმა ზურაბიშვილს.


„მე ჩემი შინაგანი რწმენით ვფიქრობ, რომ ეს იქნებოდა ისტორიული შედეგი, რაც გარკვეულ საკითხებს თავის ადგილს მიუჩენდა. თუ მეკითხებით, ვფიქრობ, რომ ეს რეალისტურია? არა,“ - უპასუხა სალომე ზურაბიშვილმა.

დამაზუსტებელ კითხვაზე, თუ რატომ ფიქრობს ასე, პრეზიდენტი განმარტავს: „იმიტომ, რომ ჩვენ რეალისტურ სამყაროში ვცხოვრობთ, სადაც ეს არ ხდება არ ვართ ალისას (საოცრებათა) სამყაროში.“


ამავე ინტერვიუში პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ომი მოლაპარაკებით დასრულდება, ამასთან საჭიროა, რომ რუსეთი თავის საზღვრებში დაბრუნდეს.

„დიახ. იქნება მოლაპარაკება, რადგან რაღაც მომენტში იძულებული უნდა გახდეს რუსეთი, რომ დათანხმდეს, ეს უნდა მოხდეს მოლაპარაკებით. ზოგი ამბობს, რომ ის ბოლომდე უნდა განადგურდეს. მოლაპარაკებებით უნდა მოხდეს რუსეთის იძულება, რომ ის გახდეს სახელმწიფო, რომელიც უარს ამბობს სხვა სახელმწიფოების ტერიტორიების ოკუპაციაზე. ეს საბოლოო მოლაპარაკების გამოწვევაა. მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რადგან ამ საბოლოო მოლაპარაკებამ უნდა მოიცვას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები, უნდა მოიცვას დნესტრისპირეთიდან გამოსვლაც. მხოლოდ ზელენსკი არ დაიბრუნებს სრულად უკრაინის ტერიტორიებს, რაც უმთავრესი მიზანია, მაგრამ საჭიროა, რუსეთი თავის საზღვრებში დაბრუნდეს,“ - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.


ამავე ინტერვიუს დროს დასმულ შეკითხვას - მაშინ, როდესაც პრეზიდენტს წარმოუდგენია, რომ მოლაპარაკება ომის დასრულების შემდეგ იქნება, ხომ არ ფიქრობს, რომ ეს იქნება საბოლოო შეთანხმება, რომელიც შეეხება რუსეთის მიერ უკანონოდ დაკავებულ ყველა ტერიტორიას, მათ შორის საქართველოში, პრეზიდენტი განმარტავს, რომ „ვიდრე რუსეთი იკავებს თუნდაც ერთ კვადრატულ კილომეტრ სხვის ტერიტორიას, რუსეთი ვერ იქნება ის პარტნიორი, რომელიც ისევ გვსურს, ვიხილოთ ევროპული უსაფრთხოების ახალი არქიტექტურაში.“