„დიდგორი 2023-ის“ ფარგლებში საველე სიტუაციური სწავლება ჩატარდა

უწყებათშორისი სამეთაურო-საშტაბო სწავლება „დიდგორი 2023-ის“ ფარგლებში საველე სიტუაციური სწავლება ჩატარდა.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, უწყებათშორისი სამეთაურო-საშტაბო სწავლების „დიდგორი 2023“ ფარგლებში საველე სწავლებები ტაქტიკურ დონეზე ქვედანაყოფებს შორის ურთიერთქმედების დახვეწასა და კოორდინაციის გაღრმავებას ითვალისწინებს.

„ამ მიზნით საწვრთნელი არეალი „ნორიოს“ ტერიტორიაზე სიმუალციური სცენარის მიხედვით მოწინააღმდეგის შეყოვნება-ბლოკირების ოპერაცია, დაჭრილის საჰაერო ევაკუაცია და სწრაფი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა გათამაშდა.

სწავლების მიმდინარეობას თავდაცვის ძალებისა და გენერალური შტაბის მთავარი სერჟანტები, მთავარი სერჟანტი გიორგი გოგოჭური და მთავარი სერჟანტი კობა ოშხერელი აკვირდებოდნენ.


„ოპერაციაში პირველი ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონი იყო ჩართული, რომელსაც მხარს უჭერდა ეროვნული გვარდიის რეზერვისტთა ოცეული და ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობა, რომელმაც მოთხოვნის შესაბამისად ბატალიონის ლოჯისტიკური მარაგებით გადავსება განახორციელა. სწავლებაში მხარდამჭერი ელემენტები გაათამაშეს ასევე, ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის 2 ერთეული საზენიტო სარაკეტო კომპლექსმა “ATLAS.”


წვრთნებში მონაწილეობდა ქართული წარმოების „დიდგორი მედევაკი“, რომელმაც დაჭრილის ევაკუაცია განახორციელა. საჰაერო ევაკუაციაში კი, თავდაცვის ძალების ახლადმოდერნიზებული UH-1H იროკეზის ტიპის შვეულმფრენი ჩაერთო და დაშავებულები ვაზიანში, მე-4 ქვითი ბრიგადაში გადაიყვანა. სწავლებაში მოწინააღმდეგის როლს წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის საბრძოლო მომზადების ცენტრის პირადი შემადგენლობა თამაშობდა. ამავე სარდლობის შემფასებლებმა კი, სწავლება დადებითად შეაფასეს.

საველე კომპონენტის მიზანს თავდაცვის ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფის კოორდინირებულად მოქმედება და კრიზისული მდგომარეობის დროს ეფექტიანად მოქმედება წარმოადგენდა. „დიდგორი“ წელს მეცხრედ ტარდება და წინა სწავლებებისგან განსხვავებით უფრო მასშტაბურია,“ - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.