საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის შეფასებით, უკრაინასთან ომში რუსეთის გამარჯვების შემთხვევაში, მოსკოვი შესაძლოა, დაემუქროს ყოფილ საბჭოთა ქვეყნებს, მათ შორის, საქართველოსაც. ამის შესახებ ემანუელ მაკრონმა BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა.
„თუ რუსეთს უკრაინასთან ომში გამარჯვების საშუალება მიეცემა, ევროპაში მივიღებთ ახალ იმპერიალისტურ ძალას, რომელიც, შესაძლოა, დაემუქროს სხვა ყოფილ საბჭოთა ქვეყნებს, როგორებიც არიან საქართველო და ყაზახეთი, ასევე, მთელ კონტინენტს," - აღნიშნა მაკრონმა. „რადგან, რა თქმა უნდა, ეს არის იმპერიალიზმი და კოლონიალიზმი, რასაც რუსეთი აკეთებს [უკრაინაში],” - განმარტა საფრანგეთის პრეზიდენტმა. მაკრონმა ხაზი გაუსვა, რომ მისი და ყველა ქვეყნის მოვალეობა უკრაინის მხარდაჭერაა.
მაკრონის თქმით, უკრაინისთვის ჯერ არ მოვიდა დრო რუსეთთან მოლაპარაკების მაგიდასთან დასაჯდომად და მოლაპარაკებების შესახებ გადაწყვეტილება მხოლოდ კიევმა უნდა მიიღოს.
საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებით, დეკემბერი გადამწყვეტი იქნება, ვინაიდან უკრაინა კონტრშეტევით საკუთარი მიწების დეოკუპაციას შეეცდება.