FT: აშშ-ის სანქციებმა რუსული თხევადი ბუნებრივი აირის ექსპორტის ძირითადი პროექტი პირველად დააზარალა

შეერთებული შტატები რუსული თხევადი გაზის ექსპორტის შეზღუდვას ცდილობს.

ნოემბრის დასაწყისში სახელმწიფო დეპარტამენტმა სანქციები დააწესა რუსეთის პროექტზე (Arctic LNG 2), რომელსაც რუსული კომპანია Novatek-ი ხელმძღვანელობს.

Arctic LNG 2 არქტიკაში, გიდანის ნახევარკუნძულზე მდებარეობს, რომლის მიზანიც ბუნებრივი აირის მსოფლიო ბაზრებზე გატანაა.

Reuters-ს საფრანგეთის ფინანსთა მინისტრმა ბრუნო ლე მაირმა განუცხადა, რომ აშშ-ის სანქციები რუსული თხევადი ბუნებრივი აირის ძირითადი პროექტის წინააღმდეგ, რომელშიც ფრანგული მწარმოებელი TotalEnergies (TTEF.PA) აქციონერია, არ წარმოადგენს დიდ რისკს ევროპის გაზის მიწოდებისთვის.

TotalEnergies-ი 10%-იან წილს ფლობს Arctic LNG 2-ში. კითხვაზე, უნდა დარჩეს თუ არა ფრანგული ნავთობის ფირმა საწარმოში, ლე მაირმა უპასუხა, რომ ჯერ ადრეა ამის თქმა.

„ჩვენ ვაკვირდებით სიტუაციას და ვაფასებთ აშშ-ის გადაწყვეტილების შედეგებს. ამ საკითხზე ჩვენ მუდმივ კონტაქტში ვართ აშშ-ს ხელისუფლებასთან,“- განაცხადა საფრანგეთის ფინანსთა მინისტრმა.


FT-ის ცნობით, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც LNG-ის რუსული პროექტი პირდაპირ სანქციების დაწესების შედეგად დაზარალდა.

ევროკავშირს რუსული LNG-ზე სანქციები არ დაუწესებია. მიუხედავად იმისა, რომ მილსადენებით ევროპაში გაზის იმპორტი მკვეთრად შემცირდა რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის საპასუხოდ, ევროკავშირის ქვეყნებმა 2023 წელს რუსული LNG-ის რეკორდული რაოდენობა შეიძინეს. Bloomberg-ის თანახმად, ევროკავშირის წევრებმა რუსულ თხევად ბუნებრივ აირზე 2022 წლის იანვრიდან სექტემბრამდე, ხუთჯერ მეტი - 12,5 მილიარდი ევრო დახარჯეს, ვიდრე 2021 წლის იმავე პერიოდში. გაზისა და ნავთობის სფეროში მოგება რუსეთის ეკონომიკის მნიშვნელოვან წილს შეადგენს, რაც მოსკოვს უკრაინაში ომის დაფინანსების საშუალებას აძლევს.