ქართული გასტრონომია Bocuse d’Or ევროპის კონტინენტურ ჩემპტიონატში მონაწილეობს

ისტორიაში პირველად, საქართველოს გუნდი და ქართული გასტრონომია Bocuse d’Or (ბოკუს დორი) ევროპის კონტინენტურ ჩემპტიონატში მონაწილეობს.

ჩემპიონატი 2020 წლის 15 და 16 ოქტომბერს, ტალინში იმართება და მასში მონაწილეობას 20 ქვეყანა ღებულობს.

გასტრონომიული ბიზნეს საკონსულტაციო სააგენტო გასტრონავტის დამფუძნებელი და Bocuse d’Or საქართველოს ორგანიზატორი ლევან ქოქიაშვილი, გუნდთან ერთად ტალინში იმყოფება.

„ჩვენ მიერ წარდგენილ კერძს 15 ევროპული ქვეყნის წამყვანი შეფმზარეული გასინჯავს, რომლებიც თავიანთ ქვეყნებში არამხოლოდ სარესტორნო ბიზნესით არიან დაკავებული, არამედ სამეცნიერო კვლევით სამუშაოებს ეწევიან, ასწავლიან უნივერსიტეტებში და საფუძვლიანად უღრმავდებიან თავიანთი ქვეყნის კულტურას და გასტრონომიას. შესაბამისად, ეს სხვა მოწოდების სიმაღლეზე მდგარი ღონისძიებაა, სადაც ისეთ დეტალებზეა საუბარი, როგორებიცაა გასტრონომიური ტრადიციები, ტექნიკები, მიდგომები, მზარეულთა ტაქტიკები, სადაც კარგად იკვეთება ქვეყნის გასტრონომიული ხელწერა და გვეძლევა საშუალება დავიკავოთ ჩვენი უნიკალური ნიშა მსოფლიო გასტრონომიულ რუკაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე თუ ჩვენ, საქართველოს, გვაქვს საუკეთესო გასტრონომიული მემკვიდრეობის ქონის პრეტენზია, მაშინ, სწორედ, ესაა ის ადგილი, სადაც ამის დამტკიცება შეიძლება, სადაც საუკეთესო მზარეულები გამოგვცდიან და შეგვამოწმებენ, მსოფლიო დონის შეფ მზარეულის, კლერ სმიტის, თაოსნობით. შედეგად ეს გახდება ლაკმუსის ქაღალდი იმისა, რომ მივხვდეთ ვართ თუ არა მსოფლიში ერთ-ერთი გამორჩეული. თუ ჯერ არა ვართ, მაშინ გავიგებთ რა უნდა გაკეთდეს მიზნის მისაღწევად", - აცხადებს ლევან ქოქიაშვილი.

შეგახსენებთ, რომ 2019 წელს, საქართველო ოფიციალურად გახდა Bocuse d’Or-ის ოჯახის ახალი წევრი და პირველად უმასპინძლა ქვეყანაში ნაციონალურ შესარჩევ შეჯიბრს. სწორედ ამიტომ ღებულობს საქართველო მონაწილეობას Bocuse d’Or ევროპის კონტინენტურ კონკურსში. ბოკუს დ’ორი, 30 წლიანი ისტორიის მქონე, რევოლუციური და ყველაზე პრესტიჟული გასტრონომიული ჩემპიონატია, რომელიც მსოფლიოს ოთხივე კონტინენტიდან, ახალგაზრდა და ნიჭიერ შეფ-მზარეულებს აერთიანებს.

საქართველოს გუნდის სახელით, ჩემპტიონატზე ქვეყანას წარადგენენ, პირველი ბოკუს დ’ორ საქართველოს გამარჯვებული ერიკ სარქისიანი, Bocuse d’Or საქართველოსა პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი, გუნდის მწვრთელი ირაკლი თოდაძე და დამხმარე მზარეული - ლუკა ხინკალაძე.

ევროპის კონტინენტურ შეჯიბრში გამარჯვებული შეფები, თავიანთ ქვეყნებს 2021 წელს, ლიონში დაგეგმილ ფინალზე წარადგენენ, რომელიც თავის მხრივ, ყოველ ორ წელიწადში, მსოფლიოს წამყვანი გასტრონომიული გამოფენა „სირას“ ფარგლებში ტარდება.

Bocuse d’Or საქართველოს ორგანიზატორი გახლავთ გასტრონომიული ბიზნეს საკონსულტაციო სააგენტო „გასტრონავტი“, საქართველოს გასტრონომიის ასოციაციისა და საქართველოს კულინარიულ ფედერაციასთან ერთად. პროექტის მხარდამჭერები არიან საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

საქართველოს გუნდის გამოსვლა დღეს, თბილისის დროით 11:30-ზე დაიწყო.