22 არასამთავრობო ორგანიზაცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის, ნიკა მელიას დაკავების შემდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებს.
ისინი გმობენ ხელისუფლების გადაწყვეტილებას, ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებით. მათი შეფასებით, აღნიშნული ფაქტი კიდევ უფრო გაამწვავებს ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ კრიზისს. ისინი ვითარებას ჩიხში შესულად აფასებენ და საერთაშორისო პარტნიორებს რეაგირებისკენ მოუწოდებენ.
"მიგვაჩნია, რომ საქართველოს ხელისუფლებას არსებული ვითარების განმუხტვა სამართლებრივი და არაძალადობრივი მეთოდებითაც შეეძლო. სამწუხაროა, რომ ხელისუფლება არ დაელოდა სააპელაციო სასამართლოში მელიას სარჩელის განხილვას და არ აჩვენა მძიმე ვითარების განმუხტვის და პოლიტიკური პროცესის მშვიდ გარემოში წარმართვის ნება. ცხადია, ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარის დაკავება საქართველოს ახლად არჩეული პრემიერ მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილი აგრესიული რიტორიკის გაგრძელებაა. საქართველოს მთავრობის ამ გადაწყვეტილებამ, საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან გასული დღეების განმავლობაში გამოთქმული გაფრთხილებებისა და მოწოდებების გათვალისწინებით, მნიშვნელოვნად დააზიანა ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაცია.
საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოში პოლიტიკური პროცესები თანდათან მძიმდებოდა. დღეს კი ის სრულიად ჩიხშია შესული. საქართველოს მთავრობას სიტუაციის განმუხტვის რეალური პოლიტიკური ნება კრიზისის გამწვავების არც ერთ ეტაპზე არ გამოუჩენია. აღნიშნული ქმედებით კი სიტუაციის კიდევ უფრო მეტად ესკალაციისკენ გადადგა ნაბიჯი, რაც შესაძლოა ქვეყნისთვის გამოუსწორებელი ზიანის მომტანი იყოს. ცხადია, რომ პროცესების მომავალ გამწვავებაზე სრული პასუხისმგებლობა სწორედ მმართველ ძალას ეკისრება. იმის გათვალისწინებით, რომ ხელისუფლება ცალსახად ესკალაციის გზას ადგას, რთულია მისგან ადექვატური გადაწყვეტილების მოლოდინი" - ნათქვამია განცხადებაში.
როგორც არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, მნიშვნელოვანია შეჩერდეს საზოგადოების პოლარიზაცია იმისათვის, რომ სამოქალაქო დაპირსპირება არ მოხდეს.
"დღეს როგორც არასოდეს, საქართველოს სჭირდება ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერა, ვინაიდან, სიტუაციის უფრო მეტად ესკალაციის შემთხვევაში, ქვეყანამ შესაძლოა დამოუკიდებლობის პერიოდში მოპოვებული ყველა მიღწევა დაკარგოს" - წერს არასამთავრობო სექტორი.
განცხადებას ხელს აწერენ შემდეგი არასამთავრობო ორგაზაციები:
საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო - TIG
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა - GDI
საქართველოს ატლანტიკური საბჭო
კვლევითი ჟურნალისტიკისა და ეკომონიკური ანალიზის ცენტრი
საზოგადოება და ბანკები
მედიის განვითარების ფონდი - MDF
ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი - TDI
საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი - GFSIS
საქართველოს რეფორმების ასოციაცია - GRASS
ღია საზოგადოების ფონდი - OSGF
ცენტრი “ემპათია”
საფარი
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი - IDFI
ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი - EPRC
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება - ISFED
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი - EMC
საქართველოს გაეროს ასოციაცია - UNAG
ადამიანის უფლებათა ცენტრი
მწვანე ალტერნატივა
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI)
დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი (IDSD)
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)
შეგახსენებთ, რომ დღეს, პოლიციამ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ნიკა მელია დააკავა.