საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის ევრაზიის წარმომადგენლობის დირექტორმა, სტივენ ნიქსმა განაცხადა, რომ „რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის გათვალისწინებით და რეგიონში აგრესიული მოქმედებების გამო, საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა რუსეთს საქართველოს სახელმწიფოებრიობის საფრთხედ აღიქვამს.“ IRI-ის შეფასებით, ქართველები ცალსახად შეშფოთებულები არიან ქვეყანაში რუსეთის მოქალაქეების ყოფნით. კითხვას, თუ რომელი ქვეყანა წარმოადგენს მთავარ პოლიტიკურ საფრთხეს საქართველოსთვის, გამოკითხულთა 77% რუსეთს ასახელებს.
გამოკითხულთა 73% თვლის რომ რუსეთის მოქალაქეებს არ უნდა ჰქონდეთ საქართველოში, უვიზოდ შემოსვლის, ბიზნესის დარეგისტრირების ან ქონების შეძენის უფლება. კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 51% თვლის რომ ქვეყანაში არსებული პოლიტიკა საზოგადოების პოლარიზაციისკენ არის მიმართული.
„საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციის გაცემისას, ევროკომისიამ ხაზი გაუსვა დამატებით ნაბიჯებს რომელიც უნდა გადაიდგას ქვეყანაში პოლიტიკური პოლარიზაციის შესამცირებლად. დღესდღეობით უფრო მეტი სამუშაო არის გასაწევი მთავრობის ყველა დონეზე, პოლიტიკურ პარტიებს შორის და პარლამენტში იმისთვის რომ აღნიშნული პრობლემა გადაიჭრას“ განაცხადა სტივენ ნიქსმა.
ცნობისთვის, აშშ-ის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის [IRI] კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 77% საქართველოსთვის მთავარ საფრთხედ მიიჩნევს რუსეთს. 12% – თურქეთს, 9% – აშშ-ს. ეკონომიკური საფრთხის მხრივ, რუსეთს უმთავრეს საფრთხედ 69%, თურქეთს – 11%. აშშ-ს – 6%, ჩინეთს – 5% ასახელებს.
გამოკითხულთა 6% მიიჩნევს, რომ რუსეთის აგრესია საქართველოს წინააღმდეგ დასრულდა და ნაკლებსავარაუდოა, გაგრძელდეს. 16% ამბობს, რომ დასრულდა და სავარაუდოა, გაგრძელდეს. 73% მიიჩნევს, რომ აგრესია არ დასრულებულა. ცვლილებები მარტის კვლევასთან შედარებით, ცდომილების ზღვარშია.
მეთოდოლოგია
კვლევა ჩატარდა 2023 წლის 14 სექტემბერი - 14 ოქტომბრის პერიოდში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ. კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა „IPM“-ის მიერ.
მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1200 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი - 73%. IRI წერს, რომ კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.