აშშ და ევროპა ტრანსატლანტიკურ თანამეგობრობასთან სომხეთის დაახლოების მიზნით, გეგმაზე მუშაობენ. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ჯეიმს ო’ბრაიენმა წარმომადგენელთა პალატაში, მთიანი ყარაბაღისადმი მიძღვნილ მოსმენაზე განაცხადა.
სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ განმარტა, რომ აშშ და ევროპა მუშაობენ დამატებით ზომებზე სომხეთის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. მან ამ მხრივ საფრანგეთის მნიშვნელოვან დახმარებას გაუსვა ხაზი.
„ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა საჯაროდ განაცხადა, რომ შეხვედრის გამართვას აპირებს შეერთებულ შტატებთან და სომხეთთან, რათა სომხეთი დაუახლოვდეს ჩვენს საზოგადოებებს. ეს რამდენიმე დღის წინ განვიხილეთ პრემიერ-მინისტრ ფაშინიანთან და ახლა ვცდილობთ მოდელის შემუშავებას. შეთავაზება, რომელიც შეუძლია, ევროკავშირმა გააკეთოს სავაჭრო პრიორიტეტების, ეკონომიკური თანამშრომლობისა და ერთიან ბაზარზე წვდომის თვალსაზრისით, წარმოუდგენლად მნიშვნელოვანია. ჩვენ შეგვიძლია, დავეხმაროთ ამაში,“ – განაცხადა ჯეიმს ო’ბრაიენმა.
მან სომეხი ხალხის არჩევანსა და მისწრაფებაზე მიუთითა.
„ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა სომხეთის მთავრობის ერთგულებამ რეფორმებისა და ურთიერთობების დივერსიფიკაციისადმი, ეს არის ეკონომიკა, პოლიტიკა, ენერგეტიკა და უსაფრთხოება - განსაკუთრებით ტრანსატლანტიკური საზოგადოების ჭრილში. და ვფიქრობ, ჩვენ ვალდებულნი ვართ სომხეთის ხალხის წინაშე, რომ დავეხმაროთ მათ ამ რთულ ვითარებაში, ის არჩევანი, რომელიც მათ ძალიან გაბედულად გააკეთეს, გვაძლევს შესაძლებლობას, დავეხმაროთ მათ უფრო უსაფრთხო, სტაბილური და აყვავებული მომავლის უზრუნველყოფაში,“ - აღნიშნა ამერიკელმა დიპლომატმა.
სახელმწიფო დეპარტამენტის სახელით სიტყვით გამოსვლისას, ო'ბრაიენმა ხაზი გაუსვა, რომ ვაშინგტონი დაჟინებით მოითხოვს, მთიანი ყარაბაღის სომეხ მოსახლეობას ჰქონდეს სრული წვდომა ტერიტორიაზე, ქონებისა და კულტურის დაცვაზე და რომ მათ მიიღონ ადეკვატური ინფორმაცია, „რათა შეეძლოთ რეალური არჩევანის გაკეთება მათი მომავლის შესახებ."
ამერიკელი დიპლომატის თქმით, შეერთებული შტატები აგროვებს „ყოვლისმომცველ, საფუძვლიან და გამჭვირვალე“ მოკვლევის შედეგებს იმის შესახებ, რაც მოხდა მთიან ყარაბაღში. მისი განმარტებით, გამოძიების საგანი არ არის მხოლოდ ის, რაც მოხდა მთიან ყარაბაღში სექტემბერში, როდესაც რეგიონში პრაქტიკულად მთელმა ეთნიკურად სომეხმა მოსახლეობამ რამდენიმე დღეში დატოვა სახლები აზერბაიჯანის მიერ დაწყებული ოპერაციის შემდეგ, არამედ, ვაშინგტონის ფოკუსშია მანამდე განვითარებული მოვლენებიც.
„ჩვენ გვყავს საკუთარი გამომძიებლები, რომლებიც მუშაობენ ადგილზე. არსებობს ინფორმაცია საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სხვა გამომძიებლებისგან. როდესაც ჩვენ მოვიძიებთ ცნობებს იმის შესახებ, რაც მოხდა, ჩვენ სრულიად ღია ვიქნებით იმის შესახებ, რასაც მოვიპოვებთ. მე არ შემიძლია ამ გამოძიების ვადების დადგენა, მაგრამ ჩვენ შეგატყობინებთ, როგორც კი წინ წავალთ,“ - აღნიშნა ო’ბრაიენმა.