აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებაზე ჯარიმები გაიზარდა

აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებასთან დაკავშირებულ დარღვევებზე ჯარიმების გაზრდას პარლამენტმა სამივე მოსმენით მხარი დაუჭირა.

“ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებები 80 ხმით, ერთხმად - მესამე მოსმენით დაამტკიცეს.


მიღებული პროექტის გათვალისწინებით, დღის და ღამის საათებში საცხოვრებელ სახლებში, კერძო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ან საზოგადოებრივი/საჯარო დაწესებულების შენობაში აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტება პირველივე შემთხვევაში გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის და ინდივიდუალური მეწარმის შემთხვევაში - 1 500 ლარის ოდენობით.

განმეორების შემთხვევაში ჯარიმის ოდენობა ფიზიკური პირების შემთხვევაში იქნება 500 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის და ინდივიდუალური მეწარმის შემთხვევაში - 5 000 ლარის ოდენობით. ადმინისტრაციულ სახდელდადებული პირის მიერ იმავე ქმედების მესამე და ყოველი მომდევნო ჩადენა, ფიზიკური პირისათვის გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის და ინდივიდუალური მეწარმის შემთხვევაში 10 000 ლარის ოდენობით.

პროექტის ერთ-ერთი ავტორისა და ინიციატორის, “ქართული ოცნების“ დეპუტატის მაია ბითაძის ინფორმაციით, არსებული ჯარიმები პრევენციულ ეფექტს ვერ უზრუნველყოფს, რაზეც მეტყველებს მოსახლეობის მხრიდან მაღალი მომართვიანობა ხმაურის დონის ინდექსის გადამეტებასთან დაკავშირებით.