ოკუპირებული აფხაზეთი ელექტროენერგიას რუსეთიდან იღებს და ისინი თვითონვე არიან პასუხისმგებელნი, რომ გადაიხადონ ენერგიის საფასური - წესით, არ დავეხმარებით, - ასე უპასუხა სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ ჟურნალისტის შეკითხვას, რომლის მიხედვით, ოკუპირებულ აფხაზეთს ელექტროენერგიის საფასურის გადახდას სთხოვს რუსეთი და იმ შემთხვევაში, თუ აფხაზეთი ელექტროენერგიის საფასურს ვერ გადაიხდის, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება გადაიხდის თუ არა ამ თანხას.
ნარმანიას განმარტებით, ოკუპირებულ აფხაზეთს ენგურჰესის მიერ გამომუშავებულ ელექტროენერგიის გარკვეული რაოდენობა მიეწოდება.
„ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, აღნიშნულ პერიოდში აფხაზეთი ენერგიას რუსეთიდან იღებს და ისინი თვითონვე არიან პასუხისმგებელი, რომ გადაიხადონ ენერგიის საფასური. ერთადერთი ვალდებულება, რაც 1990-იანი წლებიდან მოდის ეს არის ენგურჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის 40-60-ზე პროპორციით გაყოფა, რაც ხორციელდება, სხვა რაიმე ვალდებულება ქართულ მხარეს ამ ნაწილში არ აქვს,” - განაცხადა დავით ნარმანიამ.
მან ასევე უპასუხა დამაზუსტებელ შეკითხვას, თუ ვერ გადაიხდის ოკუპირებული აფხაზეთი თანხას და უშუქოდ დარჩება, დავეხმარებით, თუ არა მათ.
„არანაირი ვალდებულება ჩვენ არ გვაქვს ამასთან დაკავშირებით. სხვა დამატებით ინფორმაციას არ ვფლობ. წესით, არა [არ დავეხმარებით],” - განაცხადა დავით ნარმანიამ „ინტერპრესნიუსის“ ცნობით.
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ეკონომიკის ე.წ. მინისტრმა კრისტინა ოზგანმა ე.წ. პარლამენტის საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომ რუსეთი აღარ აპირებს, უსასყიდლოდ მიაწოდოს სოხუმს ელექტროენერგია, რომლის იმპორტი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ზამთრის პერიოდში. ოზგანის თქმით, დენის მისაღებად საჭირო იქნება ბიუჯეტიდან 900 მლნ რუბლის (დაახლოებით 10 მლნ დოლარის) გამოყოფა, რაც დე ფაქტო რესპუბლიკის ფინანსური შესაძლებლობიდან და მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის გადახდის დაბალი კულტურიდან გამომდინარე, იოლი ამოცანა არ იქნება.