გენერალი ბენ ჰოჯესი, ევროპაში აშშ-ის ძალების ყოფილი ხელმძღვანელი, დღეს დილით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში საპოლიციო ძალების შეჭრას და პარტიის თავმჯდომარის ნიკა მელიას დაკავებას Twitter-ზე აფასებს.
ბენ ჰოჯესი აღნიშნავს, რომ ამით მხოლოდ კრემლში სარგებლობენ.
„უკან გადადგმული უზარმაზარი ნაბიჯი საქართველოსთვის. ერთადერთი, ვინც მომხდარით სარგებლობს, ეს არის ხალხი კრემლში, ბატონი ბიძინა და მისი ხელის შემწყობების უახლოესი წრე. საქართველოსთვის კარგი ამაში არაფერია, განსაკუთრებით მომავალი თაობისთვის. იმედი მაქვს, რომ პრეზიდენტი ბაიდენი სიმტკიცეს გამოიჩენს. კრემლი უყურებს, რა ხდება“, - წერს CEPA– ს (ევროპის პოლიტიკის ანალიტიკური ცენტრი) სტრატეგიული კვლევების კათედრის გამგე, ბენ ჰოჯესი.
დღეს განვითარებულ მოვლენებს საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან მწვავე შეფასებები მოჰყვა. ამერიკის საელჩოს განცხადებით, დღეს საქართველომ უკან დაიხია ევროატლანტიკურ სახელმწიფოთა ოჯახში უფრო ძლიერი დემოკრატიისკენ მიმავალ გზაზე.