15 ქართველი სამხედრო სიკვდილის შემდეგ, სამშობლოსათვის თავგანწირვისა და ქვეყნის წინაშე აღმატებული ღვაწლისათვის დაჯილდოვდა

ორბელიანების სასახლეში დღეს 1923 წლის 21 მაისს საბჭოთა ბოლშევიკური რეჟიმის მიერ ანტისაბჭოთა აჯანყების მომზადებისათვის დახვრეტილი 15 ქართველი სამხედროს დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. „სამხედრო ცენტრის“ წევრ 15 სამხედროს ეროვნული გმირის წოდება საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით მიენიჭა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ალექსანდრე ანდრონიკაშვილი, კონსტანტინე აფხაზი, ელიზბარ გულისაშვილი, ნიკოლოზ ზანდუკელი, იასონ კერესელიძე, ლევან კლიმიაშვილი, ალექსანდრე მაჭავარიანი, როსტომ მუსხელიშვილი, სიმონ მუხრან-ბატონი, ივანე ქუთათელაძე, ფარნაოზ ყარალაშვილი, დიმიტრი ჩრდილელი, ვარდენ წულუკიძე, სიმონ ჭიაბრიშვილი, გიორგი ხიმშიაშვილი სიკვდილის შემდეგ, საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, სამშობლოსათვის თავგანწირვისა და ქვეყნის წინაშე აღმატებული ღვაწლისათვის დაჯილდოვდნენ.


სახელმწიფო ჯილდოები საქართველოს პრეზიდენტმა ეროვნულ ბიბლიოთეკას გადასცა, სადაც ამ გმირების პატივსაცემად გახსნილ ,,კოტე აფხაზის კაბინეტში“ იქნება დაცული.

როგორც საქართველოს პრეზიდენტმა დაჯილდოების ცერემონიაზე განაცხადა, აუცილებლად აღსანიშნავია ამ პიროვნებების სიდიადე, რომლებსაც დღეს ვაჯილდოებთ ეროვნული გმირის ორდენითა და წოდებით.

,,ეს ადამიანები არიან მაგალითი ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ახალგაზრდებისთვის, რადგან ამ ქვეყანაში, სანამ ერთი ადამიანი მაინც იარსებებს, რომელიც მზად იქნება თავდადებისთვის, ქვეყანა იქნება ძალიან ძლიერი და მას ექნება მომავალი!“ - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

დაჯილდოების ცერემონიას ესწრებოდნენ დახვრეტილ გმირთა შთამომავლები, ეროვნული ბიბლიოთეკის წარმომადგენლები და ახალგაზრდები.