ყირგიზეთი შუა დერეფნის მიმართულებების დივერსიფიკაციაზე მუშაობს

ყირგიზეთი შუა დერეფნის მიმართულებების დივერსიფიკაციაზე (ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი TITR) მუშაობს. ამის შესახებ ყირგიზეთის ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის მინისტრის მოადგილემ, რისბეკ ბარიევმა კონფერენციაზე - „საერთაშორისო ტრანსპორტი და ლოგისტიკური დერეფანი: განვითარების იმპულსები ზანგილანიდან“ განცხადა.


მან ხაზი გაუსვა, რომ შუა დერეფნის პოტენციალის გაზრდას ხელს უწყობს ჩინეთი-ყირგიზეთი-უზბეკეთის რკინიგზის განვითარება. შუა დერეფნის განვითარება სასარგებლოა ცენტრალური აზიის ყველა ქვეყნისთვის, მათ შორის ყირგიზეთისთვის, რადგან დერეფანი გადის ყირგიზეთ-ყაზახეთის საზღვრის გასწვრივ.

„ეს სარკინიგზო მარშრუტი გამიზნულია ჩინეთიდან ცენტრალური აზიის, ახლო აღმოსავლეთის, თურქეთისა და შემდგომ ევროკავშირის ქვეყნებში საქონლის ტრანსპორტირების გასამარტივებლად,“ აღნიშნა ირისბეკ ბარიევმა.

მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ ჩინეთი-ყირგიზეთი-უზბეკეთის სარკინიგზო მაგისტრალი გააძლიერებს რეგიონთაშორის კავშირებს, რაც ცენტრალური აზიის ქვეყნების მიზნებს შეესაბამება.


შეგახსენებთ, ევროკავშირისა და EBRD-ის კვლევის დასკვნის თანახმად, ცენტრალური ტრანსკასპიური ქსელი (CTCN - მასაც „შუა დერეფნად“ მოიხსენიებენ), ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან (TEN-T) ინტეგრაციისთვის, ყველაზე მდგრად ვარიანტად განიხილება. მის მნიშვნელოვნად გასაუმჯობესებლად, საინვესტიციო საჭიროება დაახლოებით, 18,5 მილიარდ ევროდ შეფასდა.


TEN-T მოიცავს ევროკავშირის 27 წევრ ქვეყანას, მაგრამ ასევე ვრცელდება დასავლეთ ბალკანეთში, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებსა (მათ შორის კავკასიაში) და თურქეთში. კვლევის ავტორების თანახმად, ზემოთ აღნიშნული კვლევა მყარ საფუძველს ქმნის იმისთვის, რომ ერთობლივი მუშაობის შედეგად, „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“ (ასევე შუა დერეფანი) რაც შეიძლება მალე გახდეს უფრო ეფექტიანი.


ხსენებული ინვესტიციები საჭიროა სარკინიგზო და საგზაო ქსელების რეაბილიტაციისა და მოდერნიზაციისთვის, მოძრავი შემადგენლობის გაფართოების, პორტის სიმძლავრის გაზრდისთვის, 6 სასაზღვრო გამშვები პუნქტის გაუმჯობესებისათვის ცენტრალური აზრიის ხუთივე ქვეყანაში.


აღნიშნული კვლევის მიზანი იყო: ყველაზე მდგრადი სატრანსპორტო ქსელის იდენტიფიცირება, რომელიც ცენტრალური აზიის ხუთ ქვეყანას (ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი, უზბეკეთი) ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან (TEN-T) აკავშირებს.

ცნობისთვის, „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“(TITR) არის სატრანსპორტო და სავაჭრო მარშრუტი, რომელიც აზიასა და ევროპას აკავშირებს. ის რეგიონის რამდენიმე ქვეყანაზე გადის. მარშრუტი ჩინეთიდან იწყება და შუა აზიის ქვეყნებს (ყაზახეთი, უზბეკეთი და თურქმენეთი) კვეთს. ვიდრე ევროპას მიაღწევს, გადის კასპიის ზღვაში, აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში.