18 ნოემბრის აქციაზე დაკავებულები სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლეს

18 ნოემბერს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან მიმდინარე აქციის დროს დაკავებული პირები, მათ შორის, მოძრაობის „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ვარლამ გოლეთიანი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.

უფლებადამცველმა ეკა ქობესაშვილმა მედიასთან განაცხადა, რომ სასამართლომ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა და პროცესი 29 ნოემბერს, 12:00-სთვის გადაიდო.

„დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაცვის მხარემ იშუამდგომლა, რომ პროცესი გადადებულიყო, რადგან მტკიცებულებებია მოსაძიებელი, დასაგეგმია დაცვის სტრატეგია. შესაბამისად, უნდა მოგეცეს საშუალება, რომ დაცვამ წარადგინოს დაცვის ხაზი ისე, როგორც საჭიროა,“ - განაცხადა ადვოკატმა.


ეკა ქობესაშვილის თქმით, სასამართლომ სამართალდამცავ ორგანოებს დაავალა, წარმოადგინოს ვიდეო მტკიცებულებები.

„დღეს, დამკავებელმა ორგანომ სასამართლოში დაკავებულები ყველანაირი მტკიცებულებების და ფაქტობრივი გარემოებების დადგენის გარეშე წარმოადგინა.

ჩვენ წარვადგენთ სასამართლოში როგორც ვიდეო მტკციებლებებს, ისე მოწმეებს, რომლებიც უტყუარად დაადასტურებენ, რომ სამართალდარღვევას ადგილი არ ჰქონია, ეს იყო ჩვეულებრივად სიტყვის და აზრის გამოხატვის შეზღუდვა,“ - განაცხადა ადვოკატმა.


შეგახსენებთ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან მეორე დღეა რაჭის ტყეებთან დაკავშირებით საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნაა, გაუქმდეს შპს „ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკაზე“ გაცემული რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონის ტერიტორიაზე სამონადირეო მეურნეობის სპეციალური, 49 - წლიანი ლიცენზია.

საკითხს 18 ნოემბერს გამოეხმაურა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო. უწყების განცხადებით, არ არსებობს საფუძველი საპროტესტო აქციების გასამართად და “ტყუილია, თითქოს რაჭაში ტყე გაიყიდა”. მათივე განმარტებით, სამონადირეო ლიცენზიის ძალადაკარგულად გამოცხადების საკითხი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით შესაბამის ვადებში განიხილება.

„პროტესტი ჩვეულებრივ გაგრძელდება. გუშინ შეეცადნენ, „დაშინების მეთოდით“ პროტესტის განეიტრალებას, თუმცა უკან არ დაიხევენ,“ - განაცხადა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ ლიდერმა, ვარლამ გოლეთიანმა მედიასთან.