NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი გამოვიდა გაფრთხილებით "სეპარატისტული და დაყოფის გამომწვევი რიტორიკის" შესახებ ბოსნია-ჰერცეგოვინაში და "მავნებლურ ჩარევაზე უცხოეთიდან", კერძოდ, რუსეთიდან. შესაბამის ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
მან დასავლეთ ბალკანეთში ტურნე დაიწყო. NATO-ს ხელმძღვანელი 20 ნოემბერს, მოგვიანებით, კოსოვოში ჩავა.
ბოსნიის დედაქალაქ სარაევოში სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ მოკავშირეები "ძლიერად უჭერენ მხარს ბოსნია-ჰერცეგოვინის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას" - მზარდი შეშფოთების ფონზე, რომ მოსკოვი ცდილობს რეგიონში დესტაბილიზაცია გამოიწვიოს, რათა ყურადღება გადაიტანოს უკრაინაში მის მიერ წარმოებული ომიდან.
„მოსკოვის ჩარევა "ქმნის სტაბილურობისთვის ძირის გამოთხრის და რეფორმების შესუსტების საფრთხეს," - განაცხადა NATO-ს გენერალურმა მდივანმა.
NATO-მ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა 1992-95 წლების ბოსნიის ომის დასრულებაში და აშშ-ის შუამავლობით სამშვიდობო გეგმის მიღწევაში, რომლის ფარგლებშიც ქვეყანა დაიყო სერბთა ერთეულად - რეპუბლიკა სრპსკად - და ბოსნიაკთა და ხორვატთა ფედერაციად. სამი ათწლეულის წინ, ყოფილი იუგოსლავიის დაშლისას სამოქალაქო ომის მიერ გამოწვეული ნგრევის შემდეგ ბოსნია ცდილობს, ეთნიკური ნიშნით დაყოფას გაუმკლავდეს.