კალასი: ბრძოლაა იმისთვის, რა მართავს მსოფლიოს მომავალში - თავისუფლება თუ ავტოკრატია

ესტონეთის პრემიერ-მინისტრი კაია კალასი აცხადებს, რომ რუსეთი საკუთარ ბოლო კოლონიურ ომში უნდა დამარცხდეს"იმისთვის, რომ უკეთეს ქვეყნად ჩამოყალიბდეს. მისივე თქმით, დღეს მსოფლიოში ბრძოლა მიმდინარეობს იმისთვის, თუ რა ღირებულებებით გაგრძელდება მსოფლიოში მმართველობა - თავისუფლებით თუ ავტოკრატიით.

„ჩვენ ურთიერთ-დასუსტების ბრძოლაში ვართ. ეს არის არა ჩიხი, არამედ - დასუსტების ომი. ამას დიდი დრო სჭირდება. დასუსტების ომში არის სამი ძირითადი ელემენტი - გყავს ხალხი, გაქვს რესურსი და გაქვს შემართება. სამივე თვალსაზრისით, რუსეთი ფიქრობს, რომ მას შეუძლია უკრაინას აჯობოს.

მაგრამ მე მაქვს საფუძველი ვიფიქრო, რომ ჩვენი მხარდაჭერა უკრაინისადმი რუსეთს აჯობებს. ხალხის თვალსაზრისით - ევროპა ამზადებს 30-40 ათას ჯარისკაცს. თუ ამერიკაც იმავეს აკეთებს, ეს არის 80,000 გაწვრთნილი ჯარისკაცი იმ წვევამდელების წინააღმდეგ, რომლებსაც ბრძოლის ველზე რუსეთის მხრიდან აგზავნიან. ასე რომ, ჩვენ ხალხის თვალსაზრისით, უფრო ბრძოლისუნარიანები ვართ.


რესურსების თვალსაზრისით - ევროპის მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) 7-ჯერ აღემატება რუსეთისას. ჩვენ ასევე ვხედავთ სანქციების შედეგებს, რაც იმას ნიშნავს, რომ რუსეთის ბიუჯეტს ნამდვილად უჭირს. მათ ბიუჯეტის მესამედი დაკარგეს და სანქციების გამო ქვეყნის გარეთ სესხს ვერ იღებენ. ასე რომ, მათ უჭირთ. სამხედრო დახმარების კუთხით კი - თუ რამშტაინის კოალიციაზე ვიფიქრებთ, ამ კოალიციის თავდაცვის ბიუჯეტი 13-ჯერ აღემატება რუსეთისას. ასე რომ, ჩვენ შეგვიძლია, აქაც მეტი ბრძოლისუნარიანობა გამოვიჩინოთ.

და მესამე ელემენტი არის უკრაინელების შემართება. ისინი საკუთარი სახლების დასაცავად იბრძვიან და მათი შემართება ნამდვილად უფრო დიდია, ვიდრე - რუსეთისა. ჩვენც იგივე უნდა გავაკეთოთ და გვჯეროდეს უკრაინის გამარჯვების,“ - განაცხადა კალასმა “ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში.