დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრი ევროპის საკითხებში, ლეო დოქერტი სამხრეთ კავკასიაში ტურნეს დროს რამდენიმე მნიშვნელოვან გზავნილს გაასაჯაროებს, მათ შორის, გაერთიანებული სამეფო სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობის მისაღწევად, თანამშრომლობას და მხარდაჭერას აძლიერებს.
დოქერტი თბილისში დღეს, 21 ნოემბერს ჩამოვიდა. მანამდე ის სომხეთში იმყოფებოდა.
დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრმა ევროპის საკითხებში, ლეო დოქერტიმ 20 ნოემბერს სამხრეთ კავკასიაში ვიზიტი დაიწყო.
ტურნეს დროს მინისტრი ბაქოსა და ერევანს შორის ურთიერთობების ნორმალიზების პროცესს განიხილავს და ხაზს გაუსვამს ქვეყნებს შორის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების გადაუდებელ აუცილებლობას, რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობისა და სტაბილურობის მისაღწევად.
მინისტრმა დოქერტიმ სამხრეთ კავკასიაში ვიზიტი, სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან რეფორმების დღის წესრიგის განხილვით დაიწყო.
- „დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრი სომხეთში, საქართველოსა და აზერბაიჯანში ვიზიტის დროს, ხაზს გაუსვამს გაერთიანებული სამეფოს ურყევ მხარდაჭერას სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების მიმართ.
- მინისტრი ხაზს გაუსვამს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების გადაუდებელ აუცილებლობას მშვიდობისა და სტაბილურობის გრძელვადიანი მოგვარების მისაღწევად.
- წელს მისი მესამე ვიზიტის დროს რეგიონში, ის განიხილავს სომხეთისა და საქართველოს დემოკრატიული რეფორმების დღის წესრიგს და აზერბაიჯანს განახლებად ენერგიაზე გადასვლაში დასახმარებლად, გაერთიანებული სამეფოს გამოცდილებას გაუზიარებს.
- გაერთიანებული სამეფო აძლიერებს თანამშრომლობას და მხარდაჭერას სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობის მისაღწევად, რასაც დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრი ევროპის საკითხებში, ლეო დოქერტი ხაზს გაუსვამს სომხეთში, საქართველოსა და აზერბაიჯანში ტურნეს დროს.
- რეგიონი, რომელიც მდებარეობს რუსეთის სამხრეთ საზღვარზე, მოწყვლადი რჩება გარე ჩარევის მიმართ და ცდილობს, გააგრძელოს რეფორმების დღის წესრიგი თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის შესახებ დემოკრატიული არჩევანის მხარდასაჭერად.
- ამ წლის დასაწყისში სამივე ქვეყანასთან ფორმალური სტრატეგიული დიალოგის საფუძველზე, მინისტრი დოქერტი გააჟღერებს დიდი ბრიტანეთის შეთავაზებას სავაჭრო და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაზრდის შესახებ, რათა დაეხმაროს ქვეყნებს დივერსიფიკაციაში; შემცირდეს ევროპის დამოკიდებულება რუსეთზე,“ - ნათქვამია დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ლეო დოქერტის განცხადებით, სამხრეთ კავკასია მნიშვნელოვანი უსაფრთხოების გამოწვევების წინაშე დგას, რაც რეგიონში დესტაბილიზაციის საფრთხეს ქმნის.
„არასტაბილურ რეგიონში, დიდი ბრიტანეთი საიმედო პარტნიორია რეფორმების, მშვიდობისა და სტაბილურობისთვის,“ - აღნიშნა დოქერტიმ.
დიდი ბრიტანეთის მთავრობის ცნობით, თბილისში ის კიდევ ერთხელ დაადასტურებს დიდი ბრიტანეთის ცალსახა მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი და მხარს დაუჭერს მის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს, საქართველოს მთავრობისა და ხალხის ნების შესაბამისად.
„დიდი ბრიტანეთი მუშაობს საქართველოს მთავრობასთან, რათა გააძლიეროს მისი მდგრადობა რუსული აგრესიის წინააღმდეგ, მათ შორის ე.წ. მორგებული მხარდაჭერის პაკეტის მეშვეობით, რომელიც შეთანხმებულია მადრიდში, 2022 წლის NATO-ს სამიტზე,“ აცხადებს დიდი ბრიტანეთის მთავრობა.