21 ნოემბერს, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის თანათავმჯდომარეები ოკუპირებულ ცხინვალში ჩავიდნენ. ეს იყო ჟენევის დისკუსიის მორიგი რაუნდის მოსამზადებელი შეხვედრა. ისინი დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდნენ და ძირითადად საოკუპაციო ხაზთან 6 ნოემბერს განვითარებულ მოვლენებს განიხილავდნენ. ინფორმაციას რადიო თავისუფლება ავრცელებს.
6 ნოემბერს სოფელ კირბალში საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ადგილობრივი მცხოვრები თამაზ გინტური მოკლეს. ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარეებმა ცხინვალში გამართული შეხვედრის შემდეგ ოსური მედიისთვის ბრიფინგი გამართეს და არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს. დისკუსიის თანათავმჯდომარემ ევროკავშირის მხრიდან, ტოივო კლაარმა ცხინვალელ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ე.წ. გამყოფი ხაზის გასწვრივ მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა ჟენევის დისკუსიების მნიშვნელოვანი ამოცანაა.
„რა თქმა უნდა, განვიხილეთ სოფელ კირბალში მომხდარი ინციდენტი, სადაც ადამიანი დაიღუპა. ჩვენ, როგორც თანათავმჯდომარეები, ძალიან შეშფოთებულები ვართ მომხდარით. ვფიქრობთ, რომ ეს იყო ძალის არაპროპორციული გამოყენება. ჩვენ ერთად უნდა ვიფიქროთ იმაზე, თუ როგორ უზრუნველვყოთ გამყოფი ხაზის გასწვრივ მოსახლეობის უსაფრთხოება. ეს არის ჟენევის დისკუსიების მნიშვნელოვანი ამოცანა - მოსახლეობის საჭიროებებისა და ინტერესების გათვალისწინება,“ - განაცხადა კლაარმა.
თანათავმჯდომარის თქმით, მნიშვნელოვანია არამხოლოდ გამყოფი ხაზის მოსაზღვრე რეგიონების მოსახლეობასთან საუბარი გარკვეულ წესებზე, არამედ იმის გათვალისწინებაც, რომ ადგილობრივ მოსახლეობას ისტორიული კავშირი აქვს სალოცავებთან და ეკლესიებთან.
„ჩვენ პატივი უნდა ვცეთ ამ კავშირებს და ერთად ვიფიქროთ იმაზე, თუ როგორ შევინარჩუნოთ და როგორ ავიცილოთ თავიდან ტრაგედიები,“ - აღნიშნა კლაარმა.
დისკუსიის თანათავმჯდომარემ გაეროს მხრიდან ჯაჰან სულთანოღლუმაც მედიასთან ისაუბრა. მისი თქმით, დისკუსიის ფორმატში მრავალი გადაუჭრელი საკითხია, მაგრამ დიალოგის გაგრძელება აუცილებელია.
„მოგეხსენებათ, დისკუსიებში ყველაზე საკვანძო საკითხია ძალის გამოუყენებლობისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სახლში დაბრუნების შესახებ შეთანხმების ხელმოწერა. ვფიქრობ, ეს გამოწვევები გაძლიერდა ბოლო მოვლენების ფონზე. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ იმედი დავკარგეთ. აუცილებელია კონცენტრირება პრაქტიკულ ზომებზე, რათა მომავალში არ განმეორდეს მსგავსი ინციდენტები“, - განაცხადა სულთანოღლუმ.
მისი თქმით, აუცილებელია მუშაობა იმისთვის , რომ გამყოფი ხაზების ზონაში მოსახლეობის ცხოვრება უფრო პროგნოზირებადი და უსაფრთხო გახდეს.
ჟენევის დისკუსიის მორიგი რაუნდი დეკემბერში გაიმართება.
6 ნოემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალთან რუსმა სამხედროებმა დაკავების მცდელობისას სასიკვდილოდ დაჭრეს 58 წლის თამაზ გინტური, 33 წლის ლევან დოთიაშვილი კი გაიტაცეს. დოთიაშვილი 9 ნოემბერს მოლაპარაკების შედეგად გაათავისუფლეს.
მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენლის მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად საქართველოს მოქალაქის მკვლელობის და ერთი პირის გატაცების ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.
გამოძიება გრძელდება, ჯერჯერობით ცნობილი არ არის ექსპერტიზის პასუხები.
თამაზ გინტური კირბალის სასაფლაოზე 11 ნოემბერს სამხედრო პატივით დაკრძალეს.