საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ კირბალთან მოკლული თამაზ გინტური სამხედრო პატივით დაკრძალეს. დაკრძალვის ცერემონიამდე, გინტურის სამოქალაქო პანაშვიდი გორში, ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში გაიმართა.
პანაშვიდსა და დაკრძალვის ცერემონიას თამაზ გინტურის ოჯახის წევრები, ნათესავები, პოლიტიკოსები და სასულიერო პირები ესწრებოდნენ.
ცნობისთვის, კირბალის მიმდებარედ, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური მოკლეს, ერთი მოქალაქე გაიტაცეს. თამაზ გინტურის მკვლელობისას, ოკუპანტების მიერ უკანონოდ დაკავებული 9 ნოემბერს გათავისუფლდა.
შეგახსენებთ, 6 ნოემბერს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ “სოფელ კირბალის მიმდებარედ, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად, საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა.“ განცხადებები გაავრცელებს პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა.
შსს-მ საქართველოს მოქალაქის მკვლელობის და ერთი პირის გატაცების ფაქტებთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. ერგნეთში ქართული მხარის მოთხოვნით, შეხვედრა გაიმართა.
ევროკავშირის მონიტორინგის მისია, სოფელ კირბალთან სროლის ფაქტს ადასტურებს და „უკიდურეს შეშფოთებას“ გამოთქვამს. მისია აცხადებს, რომ „რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების შესანარჩუნებლად აუცილებელია მსგავსი ინციდენტების აღკვეთა.“
განცხადება გაავრცელეს საერთაშორისო პარტნიორებმა. მკვლელობა დაგმეს ევროკავშირმა და აშშ-მ.