ევროპარლამენტი უკრაინის მთავრობის მაღალჩინოსნების მოთხოვნის შემდეგ, დათანხმდა კიევში ოფისის გახსნას, უკრაინის პარლამენტის მხარდაჭერის გასაძლიერებლად. შესაბამის ინფორმაციას Euroactive ევროპარლამენტის ბიუროს დოკუმენტზე დაყრდნობით ავრცელებს.
გადაწყვეტილება უკრაინის პარლამენტთან ურთიერთობების ხელშეწყობას, განსაკუთრებით ევროპარლამენტის "შესაბამის კომიტეტებთან" კონტაქტების დამყარებას, ასევე, ადმინისტრაციული მუშაობის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.
ბიურო არის ევროპარლამენტის ორგანო, რომელიც პასუხისმგებელია ადმინისტრაციული გადაწყვეტილებების მიღებაზე დაწესებულების შიდა ფუნქციონირებასთან დაკავშირებით.
ევროპარლამენტს სამეკავშირეო ოფისი თითოეულ წევრ სახელმწიფოში აქვს.
არაწევრ ქვეყნებში ევროპარლამენტის მხოლოდ რამდენიმე ოფისი ფუნქციონირებს, კერძოდ ნიუ-იორკში, ადის აბებასა და ჯაკარტაში.