პაპუაშვილი თამაზ გინტურის მკვლელობაზე: ევროპარლამენტის რეზოლუცია მისასალმებელია

პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ თამაზ გინტურის მკვლელობასთან დაკავშირებით ევროპარლამენტში რეზოლუციის კენჭისყრა მისასალმებელია.

პაპუაშვილის თქმით, თამაზ გინტურის მკვლელობის გამოძიება საქართველოს ხელისუფლების პასუხისმგებლობაა.

„რაც შეეხება რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობას - თავისთავად ამ საკითხზე რეაგირება რაც არის ჩვენი მხრიდან, მიმდინარეობს გამოძიება და ჩვენ ვითხოვთ მკვლელების დასჯას. ევროპარლამენტის რეზოლუცია ამ მხრივ თავისთავად მისასალმებელია, როდესაც ამას აქცევს ყურადღებას ევროპარლამენტი, თუმცა ამავე დროს გულდასაწყვეტია, რომ მართალია ჩვენ პროექტში ვხედავთ სიტყვებს „ოკუპაცია“ ცხინვალის რეგიონთან მიმართებით, ევროპარლამენტის რეზოლუციაში, თუმცა სამწუხაროდ, ევროკავშირის ოფიციალურ დოკუმენტებში ჯერ კიდევ ტერმინი ოკუპაცია არ გამოიყენება, რაც არის რეალობის მიმართ თვალის დახუჭვა. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ის, რაც ევროპარლამენტის რამდენიმე რეზოლუციაში უკვე დამკვიდრდა, დამკვიდრდეს ოფიციალურ დოკუმენტებში, ვინაიდან ევროპარლამენტის რეზოლუცია არის პოლიტიკური დოკუმენტი, მათ შორის, იქიდან გამომდინარე, რომ ევროპარლამენტის რამდენიმე წევრმა საქართველოსთან დაკავშირებით ბოლო 3 რეზოლუციაში პირდაპირ დეზინფორმაცია შეიტანეს და გამოიყენეს საქართველოს ხელისუფლებაზე თავდასხმისთვის, პოლიტიკურ ძალას უკარგავენ ასეთ რეზოლუციებს და ეს არის სამწუხარო საბოლოო ჯამში, რომ ასეთი მნიშვნელოვანი ინსტიტუტის რეზოლუციებს არ აქვთ ისეთი რეზოლუციები გამომდინარე იმისა, რომ წინა რამდენიმე რეზოლუციაში იყო დეზინფორმაცია საქართველოს წინააღმდეგ და ამით ახდენენ ასეთი ინსტრუმენტების დისკრედიტაციას.


რა თქმა უნდა, ჩვენი პასუხისმგებლობა სხვანაირია, ვიდრე რამდენიმე ევროპარლამენტარის თუ მთლიანად ევროპარლამენტის, ამიტომაც ჩვენი პასუხისმგებლობაა ამ მკვლელობის გამოძიება. რა თქმა უნდა, გამომდინარე იქიდან, რომ შეზღუდული იურისდიქცია გვაქვს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, რომ აღარ ვისაუბროთ რუსეთის ტერიტორიაზე, რთულია ამ დროს მტკიცებულებების მოპოვება, შეგროვება და გამოძიების წარმოება, მაგრამ ჩვენ გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ მნიშვნელოვანია სამართლებრივი მექანიზმების დაწყება. საბოლოო ჯამში ერთი, რომ დოკუმენტების შეკრების შედეგად იყო, რომ მოახერხა „ქართულმა ოცნებამ“, რომ იქნებოდა ეს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო, თუ ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლო - საბოლოო ჯამში მიაღწია მართლმსაჯულებას და მართალია აღსრულება ფერხდება ხოლმე, მაგრამ სწორედ ამიტომ არის აუცილებელი გამოძიება, რომ ადრე თუ გვიან დაისაჯოს ყველა დამნაშავე, მათ შორის თამაზ გინტურის მკვლელები,“ - განაცხადა პაპუაშვილმა.

ევროპარლამენტში თამაზ გინტურის მკვლელობასთან დაკავშირებით რეზოლუციაზე კენჭისყრა დღეს იგეგმება.

6 ნოემბერს რუსეთის საოკუპაციო ძალებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალში მცხოვრები თამაზ გინტური მოკლეს.