გაერო-ს სტანდარტებით, წიწაკის გაზის გამოყენება დახურულ სივრცეში, უტოლდება არაადამიანურ მოპყრობას და წამებასაც კი, იქიდან გამომდინარე, რომ ამ გაზის გამოყენებით დახურულ სივრცეში მიღებული ტკივილი აღწევს არადამიანური მოპყრობის და წამების ფორმებს", - ამის შესახებ განცხადებას სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ავრცელებს.
ომბუდსმენის თქმით, 2014 წელს „სიპიტის“ პირდაპირ აქვს საქართველოსთვის რეკომენდაცია გაცემული, რომ წიწაკის სპრეი არ იყოს გამოყენებული დახურულ სივრცეში.
"პირველ რიგში დასაზუსტებელია, რა ტიპის გაზი გამოიყენეს, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის სტანდარტით, ეს არის გაერო-ს სტანდარტები, ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის, ევროსაბჭოს წამების პრევენციის კომიტეტის, ევროპული სასამართლოს სტანდარტებით, არ შეიძლება წიწაკის გაზის, გამოყენება იქ, სადაც ჰაერი არ არის შეღწევადი და ადამიანებს არ შეუძლიათ დაუყოვნებლივ გავიდნენ სუფთა ჰაერზე.
მოვედი, რომ ადგილზე ვნახო რა ვითარებაა, გავესაუბრო მოქალაქეებს. ჟურნალისტებიც ვიცი რომ დაშავდით და განსაკუთრებით აკრძალულია ამ გაზის გამოყენება იმ ადამიანების მიმართ ან დაშავება იმ ადამიანების, რომლებიც არ წარმოადგენენ საფრთხეს პოლიციისთვის და ვიცი, რომ იქ იყვნენ მშვიდობიანი მოქალაქეები“, – განაცხადა ლომჯარიამ.
ამასთან, ლომჯარიას თქმით, ნიკა მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენება არ იყო სათანადოდ დასაბუთებული.
„მიმაჩნია, რომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენება არ იყო სათანადოდ დასაბუთებული. მოგეხსენებათ, პატიმრობის გამოყენება, წინასწარი პატიმრობის გამოყენება ეს არ არის დასჯის ფორმა, ის არ უნდა გამოვიყენოთ იმის გამო, რომ თუნდაც მოქალაქემ დაარღვია სხვა სახის აღკვეეთის ღონისძიება. ის უნდა იყოს მხოლოდ მაშინ გამოყენებული, თუ არსებობს დასაბუთებული ეჭვი, რომ ბრალდებული მიიᲛალება ან გაანადგურებს მტკიცებულებებს და ა.შ. მოვლენების ამ განვითარებას მივყავართ ჩიხისკენ. მოვუწოდებ ხელისუფლებას, რომ დაუყოვნებლად გადადგას ნაბიჯები სიტუაციის დეესკალაციისკენ, ჩემთვის ერთ-ერთი ასეთი ნაბიჯი იქნება გათავისუფლება. ვიცი, რომ სამართლებრივი გზებიც არსებობს და იმედია, სასამართლო მიიღებს გონივრულ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა ლომჯარიამ.
დღეს დილით სამართალდამცავებმა "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია პარტიის ოფისში, საკუთარ კაბინეტში აიყვანეს. მანამდე კი აღნიშნულ ოთახში, ისე როგორც მთლიანად პარტიის ოფისში სპეცრაზმმა ე.წ. წიწაკის გაზი გაუშვა. მელიას თანაგუნდელებმა და აქტივისტებმა პოლიციისთვის მისი დაკავების ხელისშეშლა სცადეს. პოლიციას და აქტივისტებს შორის შეტაკება მოხდა, რა დროსაც 17 ადამიანი დაშავდა. 15 მსუბუქად. ორს დღესვე გაწერენ საავდამყოდოდან.
სამართალდამცველებმა ნიკა მელიას გარდა, ჯამში 21 ადამიანი დააკავეს, ამ დროისთვის ყველა თავისუფალია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის გარდა.
მელიას დაკავების ფაქტს, საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, მწვავედ უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა.