დანიგანმა და კალაძემ 2024 წლის არჩევნების სამართლიან და დემოკრატიულ გარემოში ჩატარების მნიშვნელობაზეც ისაუბრეს

თბილისის მერი კახა კალაძე ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს საქართველოში რობინ დანიგანს შეხვდა. მერიის ცნობით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე დედაქალაქის მერმა წარმატებები უსურვა აშშ-ის ახალ ელჩს აღნიშნულ თანამდებობაზე და ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის და მეგობრული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების იმედი გამოთქვა.


თავის მხრივ, ელჩმა დანიგანმა თბილისის მერს მიულოცა ევროკომისიის დადებითი რეკომენდაცია საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსთან დაკავშირებით. შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო მომავალი წლის არჩევნების სამართლიან და დემოკრატიულ გარემოში ჩატარების მნიშვნელობასაც.  

„ყოველთვის მზად ვართ თანამშრომლობისა და ნებისმიერი საკითხის განხილვისთვის. ჩემი მიზანია, ხელი შევუწყო პარტნიორობის გაღრმავებას, რომელიც ჩვენს ქვეყნებს შორის არსებობს, ასევე ევროინტეგრაციის მხარდაჭერას, რაც ასეთი მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. მინდა, მადლობა გადაგიხადოთ როგორც ქალაქის მერს იმ საქმიანობისთვის, რასაც მუნიციპალიტეტი ეწევა ქალაქში სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორისაა გზების მოწესრიგება. ჩემი სურვილია, გავაღრმავოთ თანამშრომლობა ქალაქებს შორის,“ - აღნიშნა აშშ-ის ელჩმა თბილისის მერიის ცნობით.


მერიის ცნობით, „თბილისის მერმა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს მადლობა გადაუხადა ქვეყნის მიერ საქართველოსადმი გაწეული დახმარებისა და მხარდაჭერისთვის.„

 „ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ძვირფასია თითოეული ის სიტყვა, რომელიც აშშ-ის ელჩმა წარმოთქვა. როდესაც სტრატეგიულ პარტნიორზეა საუბარი, ვფიქრობ, სწორედ ასეთი მეგობრული და ღია ურთიერთობები უნდა იყოს, რაზეც თქვენ საუბრობთ. მზად ვართ მეგობრობისთვის. მადლობას გიხდით საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერისთვის. სასიხარულო იყო ის პოზიტიური შეფასება, რომელიც მივიღეთ კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით. იმედი გვაქვს, რომ 15 დეკემბერს, დიდი ალბათობით, კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი მხარდაჭერილი იქნება. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. საუბარი იყო გარკვეული რეფორმების განხორციელებაზე. მთელი გუნდი მზადაა აღნიშნული რეფორმების განსახორციელებლად, რაც პრინციპულად მნიშვნელოვანია ევროინტეგრაციის ამ გზაზე,“ - განაცხადა კახა კალაძემ.

შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა გამოთქვეს სრული მზადყოფნა, რომ ორი ქვეყნის ურთიერთობის გასაღრმავებლად ინტენსიურად იმუშაონ.

  • ასევე გაეცანით ინტერვიუს ამერიკელ მაღალჩინოსანთან.

აშშ ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის განსაზღვრულ რეკომენდაციებს მხარს უჭერს. სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს ევროკავშირის გაფართოების პროცესს. ამის შესახებ Europetime-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა 14 ნოემბერს განუცხადა.

„მოვუწოდებთ კანდიდატ და ასპირანტ ქვეყნებს, მათ შორის, საქართველოს, რომ ეს ისტორიული შესაძლებლობა საკუთარი პოტენციალის სრულად რეალიზებისათვის და ევროპაში თავიანთი მომავალის უზრუნველსაყოფად გამოიყენონ. ჩვენი მხარდაჭერა საქართველოში - ამყარებს  ევროკავშირის რეკომენდაციებს და მოიცავს ძალისხმევას იმის უზრუნველსაყოფად, რომ საქართველოში 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს თავისუფლად და სამართლიანად. ამ ძალისხმევის მიმართულებით, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან და საერთაშორისო პარტნიორებთან მუშაობას გავაგრძელებთ. აშშ-ის მთავრობამ გამოავლინა და კვლავაც გამოავლენს რუსეთის მცდელობებს, ძირი გამოუთხაროს დემოკრატიულ არჩევნებს მთელ მსოფლიოში.


  • საქართველოს დემოკრატიული სტანდარტების დაცვა, ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის გასაღებია. შეერთებული შტატები და ევროკავშირი შეთანხმდნენ, რომ გააფართოონ თანამშრომლობა უცხოური საინფორმაციო მანიპულაციისა და ჩარევის წინააღმდეგ, რათა თანამოაზრე პარტნიორებს ერთობლივი კოორდინირებული აქტივობებით დაუჭირონ მხარი, აშშ-ევროკავშირის სამიტის 20 ოქტომბრის განცხადების შესაბამისად.

შეერთებული შტატები, როგორც პარტნიორი, ყოველთვის მხარს დაუჭერს მმართველობის, კანონის უზენაესობის, საარჩევნო და ანტიკორუფციული მიმართულებით რეფორმებს, რომლებიც წინ წასწევს გრძელვადიან მიზანს მთლიანი, თავისუფალი და მშვიდობიანი ევროპის შესახებ.

ამ საერთო მიზნების მისაღწევად, რეგიონის ქვეყნებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან ვმუშაობთ,“ - განუცხადა Europetime-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა.