ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა ხვიჩა კარაცხელიას დისკვალიფიკაციის საკითხთან დაკავშირებით განაცხადა, რომ “დაშვებული იყო ძალიან დიდი და უხეში შეცდომა, რაც სამწუხარო ფაქტია.“
„ჩვენი გუნდის თითოეული წევრი ვწუხვართ ამაზე. ხვიჩა განსაკუთრებული ფეხბურთელია და მისი არყოფნა, რა თქმა უნდა, დიდი დანაკლისი არის ჩვენი გუნდისთვის, ისევე როგორც ჩვენი გუნდის ნებისმიერი წევრის დანაკლისი. ნებისმიერი მოთამაშე ჩვენს გუნდში არის მნიშვნელოვანი ფიგურა და, შესაბამისად, თითოეული მათგანის დანაკლისი ჩვენთვის ძალიან რთული და მძიმე.
თუმცა რა თქმა უნდა გეთანხმებით იმაში, რომ მომხდარი ფაქტი აბსოლუტურად ცუდია, ეს ადამიანური შეცდომით იყო გამოწვეული, თუმცა ამას ვეღარაფერს ვუშველით. მოცემულობა გვაქვს ის, რაც არის. დღეს ჩემთვის მთავარია, რომ ზუსტად იმაზე გავაკეთოთ აქცენტები, რომ მნიშვნელოვანი თამაში გვაქვს 21 მარტს და ზუსტად ამ თამაშამდე მოვედით ამ ერთიანობით. ჩვენ ყველამ ერთად შევძელით ის, რომ ასეთი მნიშვნელოვანი თამაში გვაქვს მარტში. დარწმუნებულები ვართ, რომ ძლიერი, მობილიზებული გუნდი გვეყოლება მოედანზე, რომელიც ამ თამაშის მოგებას შეძლებს.
დარწმუნებული ვარ და მჯერა ჩვენი გუნდის, ნებისმიერი ჩვენი ფეხბურთელის და ვიცი, რომ ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ 21 მარტს ჩვენი გუნდი დაამარცხებს ლუქსემბურგის ნაკრებს და 26-ში უკვე ხვიჩასთან ერთად ვითამაშებთ ფინალს და მივაღწევთ იმ წარმატებას, რომელზეც თითოეული ჩვენგანი ოცნებობს,“ - ამბობს კობიაშვილი „იმედის“ ეთერში.
თბილისის მერის და ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელის, კახა კალაძის შეფასებით, კვარაცხელია დიდი დანაკლისი იქნება, თუმცა ფეხბურთს მხოლოდ ერთი მოთამაშე არ თამაშობს.
ვალიადოლიდში, ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ, საკვალიფიკაციო რაუნდში მიღებული მესამე ყვითელი ბარათის გამო, ეროვნული ნაკრების მოთამაშე - ხვიჩა კვარაცხელია ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფის ნახევარფინალურ მატჩს გამოტოვებს.
საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრების მენეჯერი, გიორგი კაციტაძე ევროპის ჩემპიონატის პლეიოფის ნახევარფინალურ მატჩთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ხვიჩა კვარაცხელიას დისკვალიფიკაციასთან დაკავშირებით შეცდომა მან დაუშვა.