ევროპარლამენტის სასესიო დარბაზში სიტყვით თამაზ გინტურის მკვლელობის შესახებ მომზადებული რეზოლუციის პროექტის ყველა თანაავტორი გამოვიდა. მათ კიდევ ერთხელ გამოხატეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერა და მკაცრად დაგმეს რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ მოქალაქეების მკვლელობა, წამება, გატაცება და უფლებების მასობრივი რღვევა. ევროპარლამენტარებმა ევროკავშირის მიერ ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის მსგავსი სანქციების სიის შექმნა მოითხოვეს, რომელიც საქართველოს მოქალაქეების მიმართ ჩადენილი მსგავსი დანაშაულებისთვის შესაბამისი პირების დასანქცირებას ისახავს მიზნად.
„ეს მტკიცე ტექსტი არის დადასტურება, რომ ევროპარლამენტი მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას, იცავს ადამიანის უფლებებს. სრულიად ვგმობ თამაზ გინტურის სასტიკ მკვლელობას, ეს ფაქტი ისევე, როგორც ყველა სხვა მკვლელობის გატაცების, უკანონო დაკავებისა და წამების შემთხვევა რუსული საუკუპაციო ძალების პირდაპირი პასუხისმგებლობაა. ეს არ მოხდებოდა, რომ არა საქართველოს სუვერენული ტერიტორიების ოკუპაცია.
ეს არის მიზეზი, რის გამოც ყველა პასუხისმგებელი პირი უნდა გასამართლეს, მათ შორის, უნდა დაუწესდეთ მიზანმიმართული სანქციები, ამას გარდა, რუსეთმა უნდა შეაჩეროს თავისი უკანონო ოკუპაცია. ჩვენ საქართველოს გვერდით ვდგავართ, მხარს ვუჭერთ ქართველი ხალხის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს და ვგმობთ რუსეთისა და მისი მარიონეტების ყველა მცდელობას, გამოუთხარონ ძირი ამ მიზნებს,” - განაცხადა მირიან ლექსმანმა.
რეზოლუციაში ევროპარლამენტარები კატეგორიულად გმობენ საქართველოს მოქალაქის მკვლელობას, საქმის საფუძვლიან გამოძიებას, დამნაშავეების დასჯას და საოკუპაციო ძალების ტყვეობაში მყოფი მოქალაქეების გათავისუფლებას მოითხოვენ. ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერას კიდევ ერთხელ გამოხატავენ.
ევროპარლამენტარები მიმართავენ ევროპულ საბჭოს, შექმნას ევროკავშირის სანქციების სია "ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის" გათვალისწინებით და დაუწესოს მიზანმიმართული სანქციები იმ პირებს, რომლებიც საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ადამიანების უფლებების რღვევაზე არიან პასუხისმგებლები.
რეზოლუციის ტექსტით, დეპუტატები გმობენ რუსეთის ჩარევას საქართველოს საშინაო პოლიტიკაში და ხაზს უსვამენ, რომ ამან ქვეყნის ევროკავშირთან დაახლოების პროცესზე გავლენა არ უნდა მოახდინოს.
დოკუმენტის შინაარსი ხუთმა პოლიტიკურმა ჯგუფმა ერთობლივად შეიმუშავა და დასამტიცებლად ევროპარლამენტს წარუდგინა. ამ პოლიტიკურ ჯგუფებს შორისაა:
- "ევროპის სახალხო პარტია";
- "სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსი:";
- "რეფორმების ჯგუფი";
- "ევროპელი კონსერვატორები და რეფორმატორები";
- "ევროპელი მწვანეები - ევროპის თავისუფალი ალიანსი".