სოფელ კირბალში პოლიციაა მობილიზებული

გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ კირბალში, რომელიც საოკუპაციო ხაზს ემიჯნება, პოლიციაა მობილიზებული. რადიო თავისუფლება იუწყება, რომ რამდენიმე ეკიპაჟი საოკუპაციო ხაზის გასწვრივ გადაადგილდება და გადაკეტილი აქვთ ლომისის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის ნიშისკენ მიმავალი გზა. დასავლეთ ქედზე კი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები მოძრაობენ და ვითარებას აკვირდებიან.


ადგილობრივები გიორგობას ტრადიციულად წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში აღნიშნავენ, რომელიც სოფლის სასაფლაოსთან არის. კირბალელები ამბობენ, რომ 6 ნოემბრის შემდეგ სოფელში საპოლიციო ძალების დამატებითი ჯგუფები პატრულირებენ და უსაფრთხოება გაძლიერებულია.

მიუხედავად ამისა, მათ სასაფლაოზე გასვლის მაინც ეშინოდათ, რადგან იქ ხშირად ჩნდებიან საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები და ადგილობრივებს ე.წ საზღვრის დარღვევის ბრალდებით აკავებენ ხოლმე. მათი თქმით, რომ არა პოლიცია, სოფლის ეკლესიაში წასვლას ბევრი დღესაც ვერ გაბედავდა.


კირბალის სასაფლაოზე, რომლის ნაწილიც ოკუპირებულია, ადგილობრივი ლევან დოთიაშვილი თამაზ გინტურის საფლავთან მივიდა. დოთიაშვილი 6 ნოემბერს გინტურთან ერთად ლომისის ეკლესიის ნიშში იმყოფებოდა. იმ დღეს რუსმა სამხედროებმა უკანონო დაკავების მცდელობისას სასიკვდილოდ დაჭრეს 58 წლის თამაზ გინტური, 33 წლის ლევან დოთიაშვილი კი გაიტაცეს. დოთიაშვილი 9 ნოემბერს გაათავისუფლეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. თამაზ გინტური კირბალის სასაფლაოზე 11 ნოემბერს სამხედრო პატივით დაკრძალეს.