ევროპარლამენტმა საქართველოსთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო. დოკუმენტი საოკუპაციო ძალების მიერ მოკლულ, თამაზ გინტურსა და გატაცებულ ლევან დოთიაშვილს ეხება. რეზოლუციას კენჭი ევროპარლამენტში 23 ნოემბერს უყარეს. რეგისტრაცია 552-მა ევროპარლამენტარმა გაიარა და რეზოლუციას მხარი 495-მა მათგანმა დაუჭირა, 7-მა ევროპარლამენტარმა კი ხმა რეზოლუციის წინააღმდეგ მისცა.
დოკუმენტი 5-პუნქტიანია და მასში ევროპარლამენტარები კატეგორიულად გმობენ საქართველოს მოქალაქის მკვლელობას, საქმის საფუძვლიან გამოძიებას, დამნაშავეების დასჯას და საოკუპაციო ძალების ტყვეობაში მყოფი მოქალაქეების გათავისუფლებას მოითხოვენ. ევროპარლამენტარები ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერას კიდევ ერთხელ გამოხატავენ.
დეპუტატები გმობენ რუსეთის ჩარევას საქართველოს საშინაო პოლიტიკაში და ხაზს უსვამენ, რომ ამან ქვეყნის ევროკავშირთან დაახლოების პროცესზე გავლენა არ უნდა მოახდინოს.
დოკუმენტის შინაარსი ხუთმა პოლიტიკურმა ჯგუფმა ერთობლივად შეიმუშავა და დასამტიცებლად ევროპარლამენტს წარუდგინა. ამ პოლიტიკურ ჯგუფებს შორისაა:
- "ევროპის სახალხო პარტია";
- "სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსი:";
- "რეფორმების ჯგუფი";
- "ევროპელი კონსერვატორები და რეფორმატორები";
- "ევროპელი მწვანეები - ევროპის თავისუფალი ალიანსი".
ევროპარლამენტარები მიმართავენ ევროპულ საბჭოს, შექმნას ევროკავშირის სანქციების სია "ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის" გათვალისწინებით და დაუწესოს მიზანმიმართული სანქციები იმ პირებს, რომლებიც საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ადამიანების უფლებების რღვევაზე არიან პასუხისმგებლები.
საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა თამაზ გინტური 6 ნოემბერს მოკლეს. ლევან დოთიაშვილის კი, გაიტაცეს. ის 9 ნოემბერს გაათვაისუფლეს. შსს-მ საქართველოს მოქალაქის მკვლელობის და ერთი პირის გატაცების ფაქტებთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.