ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ძაღლების და კატების მოვლა-პატრონობის შესახებ საკრებულოს ბრძანებაში შესული ცვლილებების მიხედვით, ღია სივრცეში, მათ შორის პარკებსა და ბულვარებში ძაღლების გასეირნება მხოლოდ საბელით ან ალიკაპით არის დასაშვები.
ახალი რეგულაცი, რომელიც ძალაში 21 ნოემბერს შევიდა, დეკორატიული ჯიშის ძაღლებსაც ეხება.
„ძაღლის ყოლა ღია სივრცეში, მათ შორის, ბულვარში, პარკში ან სკვერში ნებადართულია საბელით ან ალიკაპით (გარდა სპეციალურად გამოყოფილი ადგილებისა). ქალაქ თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში ძაღლის საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაყვანა ნებადართულია მხოლოდ საბლით და ალიკაპით, ან სპეციალური კონტეინერით," - ნათქვამია ბრძანებაში.
აღნიშნული რეგულაციების დარღვევისთვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით შემდეგ ჯარიმები იმოქმედებს:
ძაღლის საბლის ან ალიკაპის გარეშე ყოლა ღია სივრცეში, მათ შორის, ბულვარში, პარკში ან სკვერში (გარდა სპეციალურად გამოყოფილი ადგილებისა), გამოიწვევს ძაღლის მფლობელის დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით (20 ლარის ნაცვლად); ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა 1 წლის განმავლობაში გამოიწვევს ძაღლის მფლობელის დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით.