უვადო ლამინირებული პირადობის მოწმობების გაუქმება იგეგმება

მას შემდეგ რაც 2011 წლამდე გაცემული პირადობის მოწმებები გაუქმდება, მოქალაქე, ვინც იუსტიციის სახლს მიმართავს, რომ რელიგიური შეხედულების ან გარკვეული ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ სურს აიდი ბარათის აღება, ახალი ლამინირებული მოწმობების აღებას შეძლებს. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ყველა ის პირადობის მოწმობა დაკარგავს იურიდიულ ძალას, რომელიც გაცემულია 2011 წლამდე, უფრო კონკრეტულად, იქამდე გაცემული ვიდრე ამოქმედდებოდა ე.წ. ჩიპიანი პირადობის მოწმობები. ამიტომ, მისი თქმით, ყველა შესაბამის ადამიანს დასჭირდება პირადობის მოწმობების გამოცვლა.


თავის მხრივ, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, მოქალაქეებს ახალი ლამინირებული პირადობით არჩევნებში მონაწილეობის გარდა, სხვა სამოქალაქო უფლებებით სარგებლობაც შეეძლებათ.


„2011 წლამდე პირადობის მოწმობა რაც გამოიცა, ძალაში ძველი გამოცემულებიდან დარჩება მხოლოდ 64 ცალი, სხვადასხვა შეხედულებისა თუ ჯანმრთელობის გამო ვინც არ ცვლის ID ბარათით, თუ კიდევ 64 თუ 164 მიმართავს ახლის აღების მოთხოვნით, მათაც ექნებათ საშუალება, არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა, ისევე როგორც სამოქალაქო ბრუნვაში დარჩენის.

მაგალითად, პენსიონერმა რომ გვითხრას, ID ბარათის აღება არ მინდა და უნდა ავიღო პენსია ამ ჩემი (ლამინირებული) პირადობით, ვეღარ აიღებს არსებული კანონმდებლობით და სამოქალაქო ბრუნვიდან ხომ არ ამოიღებ, ადამიანს უფლებებს ხომ ვერ ჩამოართმევ, მხოლოდ საარჩევნო უფლებაზე კი არ არის საუბარი, ყველა უფლებაზეა.

ამიტომ ინჯიას ინიციატივას დაემატება ეს ინიციატივა, რომ გაუქმდება 2011 წლამდე გაცემული ბარათები და ადამიანები აიღებენ, სხვადასხვა შეხედულება თუ ექნებათ, ასეთივე მოწმობას. ვინც არ აიღებს ახალს სიიდანაც ამოირიცხებიან, რისკი განულდება.


სულ არის 223 ათასი ლამინირებული პირადობის მოწმობა, ესენი რომ გაუქმდება, ახლისთვის უნდა მივიდნენ, ანუ უნდა განაცხადოს 50 ათასმა ადამიანმა (პირობითად), რომ ჩვენ გვაქვს რელიგიური დამოკიდებულება ისეთი და მრწამსი, რომ ჩვენ გვინდა ავიღოთ მაინც და მაინც ისევ ლამინირებული, 500- მა ადამიანმა მართლა შეიძლება განაცხადოს ეს და 800-მაც. საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ ამ შემთხვევაში ადამიანს საარჩევნო უფლებას ვერ ართმევ, ვერ შეუზღუდავ ვერანაირად. ეს ადამიანები ლამინირებული მოწმებებით არჩევნებში მონაწილეობას ვეღარ მიიღებდნენ, ჩვენ ვეუბნებით, აგერ ბატონო გაგიუქმდებათ ძველი, მაგრამ ახალს მოგცემთ და მიიღებთ არამხოლოდ არჩევნებში მონაწილეობას, სამოქალაქო ბრუნვაში მიიღებთ ჩვეულებრივად," - განაცხადა მდინარაძემ.


საქართველოს პარლამენტის დეპუტატები გეგმავენ მიიღონ კანონი, რომლითაც გაუქმდება ის ლამინირებული პირადობის მოწმობები, რომლებიც უვადოდ არის გაცემული. ამ საკითხზე შეხვედრა გაიმართა ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის, შემდეგ კი მათ მედიასთან ისაუბრეს. 2011 წლამდე გამოშვებული პირადობის მოწმობები. ეს ნიშნავს, რომ თუ მოქალაქეები დოკუმენტებს არ განაახლებენ, ვერ შეძლებენ არათუ არჩევნებზე ხმის მიცემას, არამედ, ვერც საბანკო მომსახურებებით სარგებლობას.


„ეს 230 ათასი პირადობის მოწმობა, თუ რამდენიც არის, გაუქმდება. შესაბამისად, ამ პირადობის მოწმობებით ვერავინ მისცემს ხმას. შფოთვის საფუძველი აღარ არსებობს," - განუცხადა ჟურნალისტებს მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ. კანონმდებლობა საქართველოს იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც "რელიგიური მოსაზრებების" გამო უარს ამბობენ ID ბარათების აღებაზე, გამონაკლისს დაუშვებს. ირაკლი კობახიძის თქმით, "რელიგიური მოსაზრებების" გამო დაახლოებით 65 ადამიანი უარს ამბობს ID ბარათის შეცვლაზე, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო კი, რამდენიმე ათეული.


„შეხვედრიდან გამოვიტანე ერთი მეტად სასიხარულო დასკვნა, თურმე სპეკულირება, რომ საქართველოში არსებობს 275 ათასი მოქალაქე, რომელსაც ჰგონია, რომ ჩიპში არის ეშმაკები, ურჩხულები და ჭინკები, ყოფილა არასწორი - ადამიანი, ვისაც არ აქვს შესაძლებლობა, მივიდეს ადგილზე და გადაიხადოს ფული, ID ბარათს მიუტანენ სახლში,“ - ამის შესახებ „ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა რომან გოცირიძემ პარლამენტის თავმჯდომარესთან ოპოზიციის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

რომან გოცირიძის თქმით, შეხვედრაზე მიაწოდეს ინფორმაცია, რომ მხოლოდ 64 ადამიანს აქვს ოფიციალურად უარი დაფიქსირებული ID ბარათის აღებაზე რელიგიური მოტივებით და ეს რიცხვი შესაძლებელია, მაქსიმუმ 600 იყოს.