სალომე ზურაბიშვილი გორში შეხვედრებს მართავს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გორს ევროპული კამპანიის ფარგლებში ეწვია და ხელოვნების სახლში ახალგაზრდებს საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე სასაუბროდ შეხვდა.

მისი თქმით, „გორში ადამიანი მხოლოდ სტალინის მუზეუმის სანახავად არ უნდა ჩამოდიოდეს, სხვა მრავალი კულტურული კერა უნდა შეიქმნას."

გორის ხელოვნების სახლსა და დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ხელმოწერები გროვდება - "ჩვენი ხმა ევროპას". ხელმომწერები ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების სურვილს აფიქსირებენ.


„ჩვენი ადგილი ევროპაშია და ძალიან ბედნიერი ვარ , რომ ახალგაზრდები ორი დროშით დამხვდნენ. ყველა ქალაქში ევროპული კულტურა უნდა იყოს ცოცხალი და ხელმისაწვდომი. ევროპა არის ცოცხალი რეგიონები, რაც ჩვენ ძალიან გვაკლია. მეტი სიცოცხლე უნდა შევიტანოთ რეგიონებში და ამით ჩვენ მივცემთ შესაძლებლობას ახალგაზრდებს, რომ ევროპიდან დაბრუნდნენ და თავიანთ ქალაქს და რეგიონს მოახმარონ ცოდნა და კულტურა,“ - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა რადიო თავისუფლების ცნობით. მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ დღეს, 25 ნოემბერს, დაიწყო ორკვირიანი კამპანია ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ.


„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი. ევროპული სტანდარტები იმას ნიშნავს, რომ ყველა უნდა იყოს დაცული და პირველ რიგში - ქალები," - განაცხადა ზურაბიშვილმა.

ჟურნალისტების კითხვას, აპირებს თუ არა ლაზარე გრიგორიადისის შეწყალებას, პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ გორში ამ თემებზე სასაუბროდ არ ჩამოსულა. მას ასევე ჰკითხეს, რა კომენტარს გააკეთებდა ყოფილი პრეზიდენტის განცხადებაზე, რომლის თქმითაც, 2007 წლის აქციები, რუსეთის მიერ იყო მართული.


„მე აქ არ ვარ მოსული, რომ არც სტალინზე და არც სააკაშვილზე ვილაპარაკო. 7 ნოემბერს ვმონაწილეობდი და ეს იყო ქართველი ხალხის ბრძოლა. ამაზე სხვა არაფერი სათქმელი არ მაქვს. მე აქ არავის შეწყალებაზე არ ვსაუბრობ და კითხვებზე არ ვპასუხობ, ვისაც შევიწყალებ, ნახავთ, როცა იქნება შეწყალება,“ – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

დღის ბოლოს, საქართველოს პრეზიდენტი გორის საზოგადოების წარმომადგენლებს გიორგი ერისთავის სახელობის თეატრში შეხვდა.