უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის საპასუხოდ განაცხადა. რომ საქართველომ და უკრაინამ მოსკოვის აგრესიის გამო ბევრი ტკივილი გამოიარეს და ერთმანეთს მხარი უნდა დაუჭირონ.
პრეზიდენტი ზელენსკი გამოეხმაურა ზურაბიშვილის მიმართვას და მას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
„ჩვენმა ერებმა მოსკოვის აგრესიული პოლიტიკით გამოწვეული ბევრი ტანჯვა გადაიტანეს. ჩვენ გვჭირდება ერთმანეთის მხარდაჭერა, რათა დავიცვათ ჩვენი თავისუფლება და ჩვენი ხალხი,“ - წერს ზელენსკი.
„სოლიდარობით განმსჭვალულები, ჰოლოდომორის მოსაგონარ დღეს, პატივს მივაგებთ საბჭოთა რეჟიმის ტერორის მსხვერპლებს. 90 წლის შემდეგ, მჩაგვრელი პრაქტიკისადმი წინააღმდეგობა რჩება ჩვენს საერთო მოვალეობად, რათა ისტორია არ განმეორდეს,“ - დაწერა ზურაბიშვილმა ჰოლოდომორის 90 წლისთავთან დაკავშირებით. მან X-ზე (ყოფილ ტვიტერზე) განთავსებული პოსტით, უკრაინას სოლიდარობა გამოუცხადა.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ (PACE) ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად 13 ოქტომბერს აღიარა.
2018 წლის 3 ოქტომბერს აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლობითმა პალატამ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად არის აღიარებული.
საქართველოს პარლამენტმა, 1932-1933 წლების ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად, 2005 წელს აღიარა.