14 წლის გოგოს მკვლელობის საქმეზე დაკავებულს ბრალდება დაუმძიმდა

საქართველოს პროკურატურამ საგარეჯოს რაიონის სოფელ ლამბალოში მომხდარი არასრულწლოვნის, 14 წლის აითაჯ შახმანოვას მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულს, ბრალდება არასრულწლოვნის გაუპატიურების მუხლით დაუმძიმა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.


„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2023 წლის ზაფხულში, ბრალდებულმა 14 წლის არასრულწლოვანს ქორწინების იძულების მიზნით, უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება და საგარეჯოს რაიონის სოფელ ლამბალოში მიიყვანა, სადაც დაზარალებულს შეზღუდული ჰქონდა თავისუფალი გადაადგილების უფლება. აღნიშნულის მიუხედავად, არასრულწლოვანმა მოახერხა გაპარვა, თუმცა მისი ოჯახის წევრებმა ის უკან დააბრუნეს. ბრალდებული ქორწინებაში ყოფნის პერიოდში, დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ არასრულწლოვანს აუპატიურებდა.


6 ოქტომბერს, ბრალდებულმა, თვლიდა, რა რომ დაზარალებულმა გაქცევით შეურაცხყოფა მიაყენა და როგორც ქალს არ ჰქონდა საკუთარი პირადი ცხოვრების განკარგვისა და მასთან ქორწინებაზე უარის თქმის უფლება, 14 წლის არასრულწლოვანს ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. მიღებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა.

დანაშაულის ჩამდენ პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის ,,ე’’ ,,თ’’ და ,,კ’’ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ გენდერის ნიშნით), 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ), 137-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით (გაუპატიურება, ჩადენილი დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით, არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ) და 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-იდან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


ბრალდების მხარემ სისხლის სამართლის საქმე არსებითი განხილვის მიზნით, თელავის რაიონულ სასამართლოში გააგზავნა.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ 14 წლის არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობის საქმეზე არასრულწლოვნის დედას და ბიძას ბრალდება ქორწინების იძულების და დანაშაულის შეუტყობინებლობის, ხოლო მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე, მკვლელობაში ბრალდებულის ბიძას და ბიძაშვილს აქვთ წარდგენილი“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.