არმაზ ახვლედიანი: დასავლეთის რეაქციის გამო ღარიბაშვილის რიტორიკა ოდნავ შეიცვალა

"ევროპული საქართველოდან" მე-10 მოწვევის პარლამენტის დეპუტატის არმაზ ახვლედიანის განცხადებით, ბოლო საათებში პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის რიტორიკა შეიცვალა.

როგორც "რუსთავი 2"-ის ეთერში არმაზ ახვლედიანმა განაცხადა, ღარიბაშვილის რიტორიკა შეიცვალა არა იმიტომ რომ ემოცია მოეძალა დღევანდელი მიტინგის შემდეგ, არამედ იმიტომ, რომ რომ დაინახა მისთვის მოულოდნელი რეაქცია დასავლეთიდან.

" გუშინდელთან შედარებით ნაწილობრივ შეიცვალა მისი რიტორიკა და დასავლეთის ამ რეაქციის კვალობაზე კიდევ უფრო შეიცვლება ხვალ-ზეგ მაზეგ. მე სწორედ აქ ვხედავ დიალოგის რესურს. დიალოგის რესურსი არსებობს და ამ რესურსის 95 პროცენტი არის "ქართული ოცნების " ხელში. იმისთვის რომ გაგრძელდეს მოლაპარაკებები და შედგეს მე-5 რაუნდი ხელისუფლებამ უნდა შეცვალოს სამეტყველო ენა", - განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.

შეგახსენებთ, რომ "გირჩის" ინფორმაციით, არმაზ ახვლედიანი "ევროპული საქართველოს" სხვა წევრებისგან განსხვავებით, საარჩევნო კოდექსის ცვლილების სანაცვლოდ, პარლამენტში შესვლის მომხრე იყო, რაც მოგვიანებით "რესპუბლიკელების ლიდერმა ხათუნა სამნიძემაც დაადასტურა.

საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, როგორც ოპოზიცია, ასევე ხელისუფლება მზად არის, შექმნილი ვითარებიდან გამოსავალი იპოვოს.

ამ წუთებში ევროკავშირის საქართველოს ოფისში, ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი და საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი ოპოზიციის ლიდერებს ხვდებიან.

"დღეს, როდესაც აღსრულდა კანონი და სახელმწიფო დადგა თავის სიმაღლეზე, მინდა, მოვუწოდო ყველა პოლიტიკურ ძალას, ვისთვისაც ძვირფასია ქვეყანა, გავხსნათ ნამდვილი დიალოგი, ვისაუბროთ არა იმაზე, თუ რა გვყოფს, არამედ იმაზე, თუ რამ უნდა გაგვაერთიანოს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა რამდენიმე საათის წინ განაცხადა.

დღეს დილით სამართალდამცავებმა "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია პარტიის ოფისში, საკუთარ კაბინეტში აიყვანეს. მანამდე კი აღნიშნულ ოთახში, ისე როგორც მთლიანად პარტიის ოფისში სპეცრაზმმა ე.წ. წიწაკის გაზი გაუშვა. მელიას თანაგუნდელებმა და აქტივისტებმა პოლიციისთვის მისი დაკავების ხელისშეშლა სცადეს. პოლიციას და აქტივისტებს შორის შეტაკება მოხდა, რა დროსაც 17 ადამიანი დაშავდა. 15 მსუბუქად. ორს დღესვე გაწერენ საავდამყოდოდან.

სამართალდამცველებმა ნიკა მელიას გარდა, ჯამში 21 ადამიანი დააკავეს, ამ დროისთვის ყველა თავისუფალია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის გარდა.

მელიას დაკავების ფაქტს, საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, მწვავედ უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა. ოპოზიციამ დღეს მთავრობის კანცელარიასთან და პარლამენტთან საპროტესტო აქციები გამართა და მომავალი დღეების აქციებიც დააანონსა.