"რაც ახლა მოხდა საქართველოში, სამწუხაროა, არამხოლოდ ობიექტურად, არამედ მისი დროის გამო", - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილმა მრჩეველმა პოლ გობლმა Europetime-ს განუცხადა.
მისი თქმით, მომხდარი ბადებს კითხვებს დემოკრატიისადმი საქართველოს ერთგულების შესახებ
"ეს ხდება მაშინ, როდესაც ბაიდენის ადმინისტრაცია აყალიბებს პოლიტიკას Nato-ს გაფართოების შესახებ. იმედი მაქვს, რომ საქართველო შეძლებს გამოსავლის პოვნას და დასავლეთის ალიანსში გაწევრიანებას, მაგრამ ეს საქმეს არ აადვილებს", - განუცხადა Europetime-ს აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ყოფილმა მრჩეველმა.
დღეს დილით სამართალდამცავებმა "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია პარტიის ოფისში, საკუთარ კაბინეტში აიყვანეს. მანამდე კი აღნიშნულ ოთახში, ისე როგორც მთლიანად პარტიის ოფისში სპეცრაზმმა ე.წ. წიწაკის გაზი გაუშვა. მელიას თანაგუნდელებმა და აქტივისტებმა პოლიციისთვის მისი დაკავების ხელისშეშლა სცადეს. პოლიციას და აქტივისტებს შორის შეტაკება მოხდა, რა დროსაც 17 ადამიანი დაშავდა. 15 მსუბუქად. ორი მალევე გაწერეს საავადმყოფოდან.
სამართალდამცველებმა ნიკა მელიას გარდა, ჯამში 21 ადამიანი დააკავეს, ამ დროისთვის ყველა თავისუფალია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის გარდა.
მელიას დაკავების ფაქტს, საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, მწვავედ უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა. ოპოზიციამ დღეს მთავრობის კანცელარიასთან და პარლამენტთან საპროტესტო აქციები გამართა და მომავალი დღეების აქციებიც დააანონსა.
.