სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია რუსთავის ციხეში "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარესთან, ნიკა მელიასთან შესახვედრად მივიდა.
როგორც ომბუდსმენმა განაცხადა, ვერანაირ სამარცხვინოს იმაში ვერ ხედავს, რომ სახალხო დამცველმა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები დაიცვას. აღნიშნული განცხადება ლომჯარიამ "ქართული ოცნების" ბრალდებების საპასუხოდ გააკეთა.
"მინდა პირადად მოვისმინო ნიკა მელიასგან მისი მდგომარეობის თაობაზე და რა თქმა უნდა, ამ ჩემი ვიზიტითაც გამოვხატავ ჩემს დამოკიდებულებას მის დაკავებასთან დაკავშირებით... მიმაჩნია, რომ მისი წინასწარი პატიმრობა, როგორც აღკვეთი ღონისძიების სახე არ იყო დასაბუთებული და მიმაჩნია, რომ მის დაკავებაში პოლიტიკური მდგენელი აჭარბებს სამართლებრივ მდეგენლს. აქედან გამომდინარე მე ჩემს სოლიდარობას ამ ფორმით გამოვხატავ მის მიმართ.
მე უფრო ის მიკვირს, რომ საქართველოს პარლამენტის წევრებმა არ იციან, მიუხედავად იმისა, რომ უკვე მერამდენე მოწვევის წევრია ბატონი ვოლსკი - მან არ იცის საქართველოს სახალხო დამცველის მანდატი და აბსოლუტურად არაკომპეტენტურ განცხადებებს აკეთებს", - აცხადებს ომბუდსმენი.
დღეს დილით სამართალდამცავველებმა "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია პარტიის ოფისში, საკუთარ კაბინეტში აიყვანეს. მანამდე კი აღნიშნულ ოთახში, ისე როგორც მთლიანად პარტიის ოფისში სპეცრაზმმა ე.წ. წიწაკის გაზი გაუშვა. მელიას თანაგუნდელებმა და აქტივისტებმა პოლიციისთვის მისი დაკავების ხელისშეშლა სცადეს. პოლიციას და აქტივისტებს შორის შეტაკება მოხდა, რა დროსაც 17 ადამიანი დაშავდა. 15 მსუბუქად. ორს დღესვე გაწერენ საავდამყოდოდან.
სამართალდამცველებმა ნიკა მელიას გარდა, ჯამში 21 ადამიანი დააკავეს, ამ დროისთვის ყველა თავისუფალია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის გარდა.
მელიას დაკავების ფაქტს, საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, მწვავედ უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა. ოპოზიციამ დღეს მთავრობის კანცელარიასთან და პარლამენტთან საპროტესტო აქციები გამართა და მომავალი დღეების აქციებიც დააანონსა.