რუმინეთი: ევროკავშირის გაფართოება დაეფუძნება კანდიდატების ინდივიდუალურ ძალისხმევას და მათ დამსახურებას, შეასრულონ აღებული ვალდებულებები

საქართველოს საგარეო უწყება ავრცელებს ინფორმაციას, რომ რუმინეთის პარლამენტმა დეპუტატთა პალატისა და სენატის გაერთიანებულ სხდომაზე დაამტკიცა „რეზოლუცია მოლდოვის რესპუბლიკის, უკრაინის, საქართველოსა და დასავლეთ ბალკანეთის ევროპული პერსპექტივის შესახებ“.

უწყების ცნობით, რეზოლუციაში ხაზგასმულია, რომ რუმინეთი როგორც საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი ადასტურებს საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მტკიცე მხარდაჭერას, ითვალისწინებს რა 2022 წელს გაფორმებული სტრატეგიული პარტნიორობის დეკლარაციის პრინციპებისა და მიზნების მნიშვნელობას ორივე ქვეყნისთვის.


დოკუმენტში აღნიშნულია შავ ზღვაში სტაბილურობის, უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის კონსოლიდაციისათვის დაკავშირებადობის როლი, აგრეთვე, მისი მნიშვნელობა ევროპულ სივრცეში ინტეგრირებისათვის.

ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკა აღიარებულია, როგორც ყველაზე წარმატებული ინსტრუმენტი დემოკრატიული ტრანსფორმაციის სტიმულირებისათვის აღმოსავლეთ სამეზობლოსა და დასავლეთ ბალკანეთში.  ასევე ხაზგასმულია, რომ გაფართოება დაეფუძნება კანდიდატების ინდივიდუალურ ძალისხმევას და მათ დამსახურებას, შეასრულონ აღებული ვალდებულებები, ევროპული ღირებულებების შესაბამისად.

„რუმინეთის პარლამენტი მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის, მოლდოვასა და საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროგრესს და ასევე მოუწოდებს გაგრძელდეს ევროპული მხარდაჭერა, რათა საქართველომ გადადგას შემდგომი ნაბიჯები ევროპული ინტეგრაციის გზაზე, მათ შორის მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი.

ეს სულისკვეთება ეფუძნება საქართველოს მოქალაქეების მკაფიო პროევროპულ ორიენტაციას და ასევე მოლოდინს, რომ საქართველო გააგრძელებს ძალისხმევას ევროკომისიის რეკომენდაციების ყოვლისმომცველი და მდგრადი განხორციელებისთვის.

რეზოლუცია ყურადღებას ამახვილებს ევროკავშირის მზარდი ძალისხმევის აუცილებლობაზე, აღმოსავლეთ სამეზობლოში მშვიდობის, სტაბილურობის და უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის, ასევე, ხაზს უსვამს ევროკავშირთან დაკავშირებადობის ყველა განზომილების განვითარების საჭიროებას რეგიონის ქვეყნებისთვის.

რუმინეთის პარლამენტი გამოხატავს კანდიდატი  ქვეყნების პარლამენტებთან თანამშრომლობის და მხარდაჭერის სრულ მზაობას, ამ ქვეყნების ევროკავშირში გაწევრიანების პროგრესის ხელშესაწყობად,“ - აცხადებს საგარეო უწყება.