საქართველოში აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის განცხადებით, ოპოზიციის ლიდერებთან დღევანდელი შეხვედრა ნაყოფიერი აღმოჩნდა.
როგორც ევროკავშირის ოფისში გამართული შეხვედრის შემდეგ აშშ-ის ელჩმა აღნიშნა, მათ უკეთესი წარმოდგენა შეექმნათ ოპოზიციის წუხილი.
"შეხვედრა ნაყოფიერი იყო და საუბარი ოპოზიციასა და ხელისუფლებასთან გაგრძელდება იმის გასარკვევად, შესაძლებელია თუ არა ამ პროცესში წინსვლა. ვაფასებ, რომ შეხვედრაზე მოვიდნენ. ჩვენ გავაგრძელებთ საუბარს როგორც ოპოზიციასთან, ასევე “ქართულ ოცნებასთან” რათა ვიხილოთ შესაძლებელია თუ არა წინსვლა” - განაცხადა კელი დეგნანმა.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა რამდენიმე საათის წინ ოპოზიციას გულწრფელი დიალოგი შესთავაზა.
"დღეს, როდესაც აღსრულდა კანონი და სახელმწიფო დადგა თავის სიმაღლეზე, მინდა, მოვუწოდო ყველა პოლიტიკურ ძალას, ვისთვისაც ძვირფასია ქვეყანა, გავხსნათ ნამდვილი დიალოგი, ვისაუბროთ არა იმაზე, თუ რა გვყოფს, არამედ იმაზე, თუ რამ უნდა გაგვაერთიანოს. ვთავაზობ ყველა ჯანსაღად მოაზროვნე ოპოზიციურ ძალას, შევიდნენ პარლამენტში და ქვეყნის საკანონმდებლო ორგანო გამოვიყენოთ მთავარ პლატფორმად დისკუსიისთვის. როგორც გუშინაც აღვნიშნე, ჩვენ მზად ვართ ნამდვილი დიალოგისთვის ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ფორმატში", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ელჩებთან შეხვედრის შემდეგ კი "ევროპული საქართველოს" ლიდერმა გიგა ბოკერიამ განაცხადა, რომ ოპოზიცია კვლავ პოლიტპატიმრების ნიკა მელიას და გიორგი რურუას გათავისუფლების, ასევე ახალი არჩევნების დანიშვნის საკითხს აყენებს.
„ჩვენ ყველა ჩვენს პარტნიორთან საკითხი გვაქვს დასმული ასე - კრიზისიდან გამოსავალი არსებობს მხოლოდ ამ გზით, სასწრაფოდ გათავისუფლება ნიკა მელიასი და 8 მარტის შეთანხმებიდან ჩატოვებული გიორგი რურუასი. პრინციპიალური საკითხებია ორივე. შეწყვეტა დევნის. მომზადება ტექნიკურად ახალი ვადამდელი ნორმალური არჩევნების“, - განაცხადა ბოკერიამ.
დღეს დილით სამართალდამცავებმა "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია პარტიის ოფისში, საკუთარ კაბინეტში აიყვანეს. მანამდე კი აღნიშნულ ოთახში, ისე როგორც მთლიანად პარტიის ოფისში სპეცრაზმმა ე.წ. წიწაკის გაზი გაუშვა.
მელიას თანაგუნდელებმა და აქტივისტებმა პოლიციისთვის მისი დაკავების ხელისშეშლა სცადეს. პოლიციას და აქტივისტებს შორის შეტაკება მოხდა, რა დროსაც 17 ადამიანი დაშავდა. 15 მსუბუქად. ორივე დღესვე გაწერეს სტაციონარიდან.
სამართალდამცველებმა ნიკა მელიას გარდა, ჯამში 21 ადამიანი დააკავეს, ამ დროისთვის ყველა თავისუფალია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის გარდა. მელიას დაკავების ფაქტს, საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, მწვავედ უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა. ოპოზიციამ დღეს მთავრობის კანცელარიასთან და პარლამენტთან საპროტესტო აქციები გამართა და მომავალი დღეების აქციებიც დააანონსა.