აზერბაიჯანმა აშშ-ის, საფრანგეთისა და გერმანიის ელჩები გამოიძახა

აზერბაიჯანმა აშშ-ის, საფრანგეთისა და გერმანიის ელჩები გამოიძახა. ბაქოს ამ ნაბიჯის მიზეზი „უკანონო ფინასური ოპერაციების გაპროტესტებაა.“

როგორც ცნობილი გახდა, დამოუკიდებელი ონლაინ გამოცემა Abzas Media-ის თანამშრომლებს 21 ნოემბერს კონტრაბანდის ბრალდებით ოთხთვიანი პატიმრობა შეეფარდათ. პოლიციამ განაცხადა, რომ მათ ბაქოს ოფისებში 40,000 ევრო (44,000 აშშ დოლარი) აღმოაჩინეს. სამიდან ორმა უარყო ბრალდება, მესამე კი დუმილის უფლებას იყენებს.

სამშაბათს, 28 ნოემბერს გავრცელებულ განცხადებაში აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიუთითა, რომ დიპლომატები ჩააყენეს საქმის კურსში იმის თაობაზე, რომ მათმა საელჩოებმა და "ამ ქვეყნებში რეგისტრირებულმა ორგანიზაციებმა" Abzas Media-ის ფინანსური მხარდაჭერით უკანონო ქმედებები ჩაიდინეს.


აზერბაიჯანის ურთიერთობა დასავლეთის ზოგიერთ ქვეყანასთან სექტემბრის შემდეგ გაუარესდა, როდესაც ბაქომ სრულად დაიბრუნა სეპარატისტული რეგიონი მთიანი ყარაბაღი, რამაც ტერიტორიიდან ეთნიკურად სომეხი მოსახლეობის თითქმის სრული გასახლება გამოიწვია.

ზოგიერთმა დასავლურმა ქვეყანამ, მათ შორის შეერთებულმა შტატებმა და საფრანგეთმა აზერბაიჯანი გააკრიტიკეს. სომხეთს კი, ჰუმანიტარული დახმარება შესთავაეს. 28 ნოემბერს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანს სატელეფონო საუბარში განუცხადა, რომ აშშ-ის განცხადებებმა სერიოზული ზიანი მიაყენა აზერბაიჯან-ამერიკის ურთიერთობებს.