ალიევი: აშშ-ის განცხადებებმა სერიოზული ზიანი მიაყენა აზერბაიჯან-ამერიკის ურთიერთობებს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან სატელეფონო საუბრისას ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ აშშ-ის ბოლო განცხადებებმა და ქმედებებმა სერიოზული ზიანი მიაყენა აზერბაიჯან-აშშ-ს ურთიერთობებს.

აზერბაიჯანული მედიის ცნობით, რომელიც ალიევის ოფისის ოფიციალურ ცნობას ეყრდნობა, ალიევმა აღნიშნა, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ჯეიმს ო'ბრაიენის მიერ, 2023 წლის 15 ნოემბერს აზერბაიჯანის შესახებ გაკეთებული განცხადებები მიკერძოებული იყო და ვერ ასახავდა რეალობას.

ამასთან, აღინიშნა, რომ აზერბაიჯანულმა მხარემ ცნობად მიიღო განცხადება აზერბაიჯანთან მაღალი დონის თანამშრომლობის გაუქმების შესახებ. ალიევმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამ საკითხთან დაკავშირებით განცხადება 16 ნოემბერს გაავრცელა და რომ აზერბაიჯანმა თავის მხრივ, გააუქმა აშშ-ის უმაღლესი დონის ყველა ვიზიტი.

ალიევი გულისხმობს ო'ბრაიანის მიერ 15 ნოემბერს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე გაკეთებულ განცხადებას, რომლის თანახმად, „ნორმალურად ვერ იქნება ვერაფერი აზერბაიჯანთან, 19 სექტემბრის მოვლენების შემდეგ, ვიდრე არ დაინახავენ პროგრესს სამშვიდობო გზაზე."

„ჩვენ გავაუქმეთ რამდენიმე მაღალი დონის ვიზიტი, დავგმეთ [ბაქოს] ქმედებები“, აღნიშნა ო'ბრაიანმა.


„ურთიერთობების ნორმალიზების მიზნით, მდივანმა ბლინკენმა ითხოვა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ჯეიმს ო’ბრაიენის ვიზიტი დეკემბერში, აზერბაიჯანში. პრეზიდენტი ილჰამ ალიევი დათანხმდა ამ წინადადებას იმ პირობით, რომ ამ ვიზიტის შემდეგ მოიხსნება აზერბაიჯანის მაღალი დონის ოფიციალური პირების საპასუხო ვიზიტების უსაფუძვლო აკრძალვა. მდივანი ბლინკენი ამას დაეთანხმა,“ - წერს დღეს, 28 ნოემბერს აზერბაიჯანული მედია ალიევის ოფისზე დაყრდნობით. აქვე აღნიშნულია, რომ ბლინკენი ალიევს თავად დაუკავშირდა.

შეგახსენებთ, ბაქომ, ვაშინგტონში სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.


ენტონი ბლინკენი დღეს ბრიუსელშია. მის ვიზიტთან დაკავშირებით, მედიასთან 27 ნოემბერს ისაუბრა ჯეიმს ო'ბრაიენმა. მას ჰკითხეს განიხილება თუ არა სამხრეთ კავკასიის საკითხი ბრიუსელში დაგეგმილ შეხვედრებზე.


„ჩვენ ვხედავთ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მშვიდობის დამყარების რეალურ შესაძლებლობას. ჩვენ მოხარულები ვართ, რომ ორივე მხარე ესაუბრება ერთმანეთს პირდაპირ და შუამავლების ჩართულობით. ამით ჩვენ ვხედავთ რეალურ შესაძლებლობას და სარგელებს მთელი რეგიონისთვის. მაგალითად, თუ ცენტრალური აზიიდან ვაჭრობა მოხდება აზერბაიჯანისა და სომხეთის გავლით თურქეთში, ეს იქნება არსებითი სტიმული ამ სავაჭრო მარშრუტზე მყოფი ყველა ქვეყნისთვის. და ჩვენ მივესალმებით შესაძლებლობას, ვიყოთ ამის ნაწილი. ამავდროულად, თუ მიიღება გადაწყვეტილება, რომ არ განხორციელდეს ეს მშვიდობიანი გზით, მაშინ ჩვენ მოგვიწევს ყველანაირი ინსტრუმენტების გამოყენება, რათა თავიდან ავიცილოთ ასეთი სავაჭრო მარშრუტის შექმნა. ამდენად, ჩვენ ძალიან მკაფიოდ ვისაუბრეთ მხარეებთან და ჩვენ მოუთმენლად ველით, რას გადაწყვეტენ მხარეები. ჩვენ ვიცით, რომ მათ გამოთქვეს ინტერესი სამშვიდობო შეთანხმების ძალიან მალე დადების შესახებ და ჩვენ სიამოვნებით ვიხილავდით ამას,“ - აღნიშნა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა.


ო'ბრაიენმა კონგრესში საკომიტეტო განხილვისას ასევე განაცხადა, რომ მაღალი დონის კონტაქტების დროს, აშშ არაერთხელ ხაზს უსვამდა, რომ აზერბაიჯანის მხრიდან სომხეთის ტერიტორიაზე ძალის გამოყენება მიუღებელია. მისი თქმით, შეერთებული შტატები ამზადებს „ყოვლისმომცველ და გამჭვირვალე“ ანგარიშს მთიან ყარაბაღში მომხდარის შესახებ.


შეგახსენებთ, ვაშინგტონში აღიარებენ, რომ არ არიან კმაყოფილნი იმით, რაც მოხდა მთიან ყარაბაღში. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა, რომელიც Europetime-ს ანონიმურობის დაცვის პირობით, ვრცელ ინტერვიუში ესაუბრა, ხაზი გაუსვა, რომ მნიშვნელოვანია სამშვიდობო მოლაპარაკებებთან დაბრუნება. ამის დასტურად მოჰყავთ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის, ჯეიმს ო’ბრაიენის გამოსვლა კონგრესის მოსმენაზე, რასაც ბაქოს მწვავე რეაქცია მოჰყვა, თუმცა ვაშინგტონში მიაჩნიათ, რომ ბლინკენის თანაშემწის განცხადებები უსაფრთხოებისკენ საუკეთესო გზას ასახავს. ვაშინგტონი ბაქოს პროტესტის ფონზე, ო’ბრაიენის პოზიციას ამყარებს. 16 ნოემბერს ბაქომ, ვაშინგტონში სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. საპასუხოდ, აშშ-მ აზერბაიჯანს და სომხეთს სამშვიდობო მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნებისკენ კვლავ მოუწოდა.

  • „ჯეიმს ო’ბრაიენის განცხადებები აჩვენებს გზას გრძელვადიანი უსაფრთხოებისაკენ როგორც სომხეთისთვის, ასევე, აზერბაიჯანისთვის და, გულწრფელად რომ ვთქვათ, საქართველოს სასარგებლოდაც. განვითარების საუკეთესო გზა იქნება, თუ ჩვენ რეალურად შევძლებთ მშვიდობის დამყარებას ამ ორ ქვეყანას შორის. ეს არის ის, რაზეც მუშაობას გავაგვრძელებთ და ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი, რომ შევძლებთ, დავუბრუნდეთ სამშვიდობო მოლაპარაკებებს  - ვიმედოვნებთ, რომ შევძლებთ, დავიწყოთ უკეთესი სამხრეთ კავკასიის მშენებლობა ყველა ქვეყნისთვის, რადგან სტაბილურობა კარგია არამხოლოდ სომხეთისთვის და აზერბაიჯანისთვის, არამედ, საქართველოსთვისაც, უსაფრთხოების, ეკონომიკური განვითარების, დემოკრატიისა და გამჭვირვალობის შესახებ მიზეზთა გამო.“