უკრაინა-NATO-ს საბჭოს სხდომაზე დამტკიცდა წლიური პროგრამა, რომელიც ალიანსში წევრობისთვის უკრაინის მომზადებას ისახავს მიზნად. ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ალიანსის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„დღეს ჩვენ დავამტკიცეთ მომავალი წლის ამბიციური სამუშაო პროგრამა. ის მოიცავს ენერგეტიკულ უსაფრთხოებას, ინოვაციებს და თავსებადობას,“ - განაცხადა სტოლტენბერგმა.
სტოლტენბერგის თქმით, მიმდინარეობს NATO-ს ყოვლისმომცველი დახმარების პაკეტის ტრანსფორმაცია დახმარების მრავალწლიან პროგრამად, რათა დაეხმარონ „უკრაინას საბჭოთა პერიოდიდან NATO-ს აღჭურვილობასა და სტანდარტებზე გადასვლაში. სტოლტენბერგმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ NATO მხარს უჭერს უკრაინას წევრობის გზაზე.
როგორც ცნობილია, საბჭოს პირველი შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე 29 ნოემბერს ბრიუსელში გაიმართა.