თსუ-ს რექტორისთვის „პრეზიდენტის პრეტენზიები გაუგებარია“

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ჯაბა სამუშიამ საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებას უპასუხა იმის შესახებ, რომ თსუ-ს რექტორი სტუდენტებს არ აძლევს უფლებას ,მაგიდები გაშალონ და პეტიციას ხელი მოაწერონ.

ჯაბა სამუშიამ აღნიშნა, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ყველასთვის ღიაა, მათ შორის პეტიციისთვის ხელის მოწერის მსურველებისთვის, მაგრამ ამასთან, არსებობს პროტოკოლი, რომლის დაცვაც სასურველია.


„არანაირი ოფიციალური წერილიც კი არ არის პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან ჩვენთან შემოსული. ვიღაცას ხომ უნდა გაეკეთებინა ამის ორგანიზება. მე იმის თქმა მინდა, რომ თუ ეს იყო პრეზიდენტის იმ ინიციატივის გაგრძელება, რასაც ის ახორციელებს ორბელიანების სასახლეში, მაშინ ხომ წესია პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ავტონომიის მქონე უნივერსიტეტს ერთი ფარატინა ქაღალდი მაინც გამოუგზავნოს, რომ ამაში მხარდაჭერა გამოგვიცხადეთ? ხომ არის წესი და რიგი? ერთი ფურცელი არ არის შემოსული! ცოტა სხვა პროვოკაციის თემაა იმიტომ, რომ მე ვერ ვხდები, რას ნიშნავს ეს. ერთი თხოვნის ფურცელი და მომართვა არ არის პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან ჩვენთან შემოსული,“ - განაცხადა სამუშიამ IPN-თან საუბრისას.


მისივე განცხადებით, უნივერსიტეტს თავისი მართვის ორგანო ჰყავს. „არის სენატი, არის აკადემიური საბჭო, გადაწყვეტილებებში უნდა ჩვენს კოლეგებსაც ვკითხოთ. მე ეს მინდოდა მეთქვა, რომ არ არსებობს ასეთი მომართვიანობა, რაზე აქვთ პრეტენზია ვერ გავიგე? რამე მთხოვა და არ გავაკეთე? და მეორე, უნივერსიტეტი აბსოლუტურად ღიაა, ნებისმიერს შეუძლია შემოსვლა, აიღოს და მოაწეროს ხელი, ვინმე რამეს ზღუდავს? პირიქით, მთელი უნივერსიტეტი ელოდება 15 დეკემბერს, რომ ეს ისტორიული შანსი ყველამ ერთად იზეიმოს,“- განაცხადა ჯაბა სამუშიამ.

პრეზიდენტის განცხადებით, მას არ ესმის, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი არ აძლევს უფლებას სტუდენტებს, გაშალონ მაგიდები და ხელი მოაწერინონ ძალიან მარტივ განცხადებას.