სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ყოფილი მეუღლისთვის მოსასმენი აპარატურის დამონტაჟების და მიყურადების ფაქტზე ერთი პირი დააკავა.
ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ 1979 წელს დაბადებულმა, თბილისში მცხოვრებმა ბრალდებულმა, ყოფილი მეუღლის საცხოვრებელ ბინაში - მისაღებსა და საძინებელში, ფარულად მოსასმენი მოწყობილობები დაამონტაჟა. მოწყობილობებში განათავსა სიმ ბარათები და მათზე სატელეფონო ზარის განხორციელების გზით, თვეების განმავლობაში დაზარალებულების კერძო კომუნიკაციის უკანონო მიყურადებას ახორციელებდა.
„სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, დაზარალებული ქალის მომართვის შემდეგ, საგამოძიებო მოქმედებები მისი კონფიდენციალურობის სრული დაცვით წარმართა.
ბრალდებული სასამართლოს განჩინების საფუძველზე სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დააკავეს.
დანაშაული 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქმეზე გრძელდება გამოძიება,“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.