"ეუთო/ODIHR საქართველოში მიმდინარე მოვლენებს თვალს ადევნებს", - ამის შესახებ ეუთო-ს წარმომადგენლობა twitter-ზე წერს.
ეუთო-ს განცხადებით, დიალოგში ყველა მხარის ჩართვაა საჭიროა, რათა დემოკრატიული ინსტიტუტები იყოს დაცული, მათი ეფექტურად მუშაობა კი უზრუნველყოფილი.
დღეს დილით სამართალდამცველებმა "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია პარტიის ოფისში, საკუთარ კაბინეტში აიყვანეს. მანამდე კი აღნიშნულ ოთახში, ისე როგორც მთლიანად პარტიის ოფისში სპეცრაზმმა ე.წ. წიწაკის გაზი გაუშვა. მელიას თანაგუნდელებმა და აქტივისტებმა პოლიციისთვის მისი დაკავების ხელისშეშლა სცადეს. პოლიციას და აქტივისტებს შორის შეტაკება მოხდა, რა დროსაც 17 ადამიანი დაშავდა. 15 მსუბუქად. დანარჩენი ორი მალევე გაწერეს საავადმყოფოდან.
სამართალდამცველებმა ნიკა მელიას გარდა, ჯამში 21 ადამიანი დააკავეს, ამ დროისთვის ყველა თავისუფალია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის გარდა.
მელიას დაკავების ფაქტს, საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, მწვავედ უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა. ოპოზიციამ დღეს მთავრობის კანცელარიასთან და პარლამენტთან საპროტესტო აქციები გამართა და მომავალი დღეების აქციებიც დააანონსა.