აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ყოფილ თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაიასა და ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივან, სერგეი შამბას შორის ონლაინ შეხვედრა გაიმართა.
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანი, ყოფილი „საგარეო საქმეთა მინისტრი“ სერგეი შამბა მიიჩნევს, რომ „ქართულ-აფხაზური კონფლიქტი შვილებსა და შვილიშვილებს არ უნდა გადაეცეს“, „აუცილებელია მშვიდობიანი თანაცხოვრების შესაძლებლობების მოძიება“.
შამბამ და ყოლბაიამ ჟურნალისტ ვანო ჩოკორაის კითხვებს პირდაპირ ეთერში უპასუხეს.
„მე არაერთხელ მისაუბრია ამ თემაზე და აფხაზურ საზოგადოებაში ბევრს არ მოსწონს ჩემი პოზიცია, მაგრამ ყოველთვის ვამბობდი, რომ თუ არის პრობლემა, პირველ რიგში უნდა ისაუბრო. არ არსებობს მეზობელი, ახლობელი ან თუნდაც მონათესავე ხალხები, რომლებსაც ერთმანეთთან არ უომიათ. მთელი ევროპა ამის მაგალითია“, - განაცხადა შამბამ.
მისი თქმით, როგორც აფხაზური, ისე ქართული მხრიდან ბევრი ჯერ ისევ აგრესიულადაა განწყობილი.
„მე არაერთხელ მისაუბრია ამ თემაზე და აფხაზურ საზოგადოებაში ბევრს არ მოსწონს ჩემი პოზიცია, მაგრამ ყოველთვის ვამბობდი, რომ თუ არის პრობლემა, პირველ რიგში უნდა ისაუბრო. არ არსებობს მეზობელი, ახლობელი ან თუნდაც მონათესავე ხალხები, რომლებსაც ერთმანეთთან არ უომიათ. მთელი ევროპა ამის მაგალითია,“ - განაცხადა შამბამ რადიო თავუსუფლების ცნობით. მისივე განცხადებით, როგორც აფხაზური, ისე ქართული მხრიდან ბევრი ჯერ ისევ აგრესიულადაა განწყობილი.
"ვფიქრობ, დროთა განმავლობაში ეს გაივლის, თუმცა ომიდან დიდი დრო გავიდა, უკვე 30 წელია. შეიძლებოდა, როგორმე დაწყებულიყო გარკვეული მოძრაობები ურთიერთგაგებისკენ, მაგრამ ეს ნელა ხდება. ყოველთვის ვემხრობოდი სახალხო დიპლომატიას და როცა საგარეო საქმეთა მინისტრი ვიყავი, ჩვენი წარმომადგენლები ხშირად ხვდებოდნენ ქართველ ოპონენტებს. ეს იყო ერთმანეთის პოზიციების გაგების შესაძლებლობა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რათა პრობლემა როგორღაც დაიძრას მკვდარი წერტილიდან. ახლაც ამ აზრზე ვარ. მიმაჩნია, რომ საჭიროა კავშირების სხვადასხვა არხების ამოქმედება. ჩვენს ხალხებს შორის არსებობს კონფლიქტი, ბევრი ისტორიული გარემოებით და განსაკუთრებით ომით წარმოშობილი და ამ კონფლიქტის გადასალახად საჭიროა საუბარი და ურთიერთგაგების გზების ძიება შემდგომი თანაარსებობისთვის“, - განაცხადა შამბამ.
მის პოზიციას დაეთანხმა ვახტანგ ყოლბაია. ყოლბაიას თქმით, ასეთივე განცხადებები ასლან ბჟანიას „პრეზიდენტობის“ დასაწყისშიც ისმოდა.
„მესმის, საუბარი იყო ეკონომიკურ ურთიერთთანამშრომლობაზე, რომელიც შესაძლოა, კონკრეტულ საქმეში გადაზრდილიყო, მაგრამ, როგორც იტყვიან, ჯერ ყველაფერი დაკარგული არ არის, სურვილი იყოს და...“ - აღნიშნა ყოლბაიამ.
პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილს თქმით, პრიორიტეტი და მთავარი საკითხია, რომ არსებობდეს დიალოგი, რასაც ხელი უნდა შეეწყოს. რაც შეეხება დიალოგის ფორმატს, ის ფორმატს არ აკონკრეტებს და ამბობს, რომ ეს დროის საკითხია.
„ჩვენ აფხაზ თანამოქალაქეებთან კონტაქტის სხვადასხვა ფორმატები არსებობს, მათ შორის ჰუმანიტარული ხასიათის კონტაქტები. ჩვენ ყველა შესაძლო არხს ვიყენებთ იმისთვის, რომ ჩვენ აფხაზ თანამოქალაქეებს ვაჩვენოთ ერთიან სახელმწიფოში ცხოვრების უპირატესობა. რაც შეეხება ფორმატებს, ფორმალურ ფორმატებს და ა.შ. ეს არის მთავრობის კომპეტენცია და მთავრობა ამ პროცესს მიჰყვება. მთავარია ერთი რამ - საქართველოს ხელისუფლება ყოველთვის ამოდის საქართველოს ეროვნული ინტერესებიდან. საქართველოს მთავარი მიზანი, ჩვენი ეროვნული ამოცანა ეს არის - ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და ნდობის, ურთიერთობის აღდგენა ჩვენ აფხაზ და ოს თანამოქალაქეებთან“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა პარლამენტში მედიასთან კომენტარში.
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებასთან ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფარგლებში შეხვედრები გალში 2018 წლიდან არ ჩატარებულა.
ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმი, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის ფორმატთან ერთად, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ შეიქმნა. თანათავმჯდომარეები კი, ევროკავშირის, ეუთოს და გაეროს სპეციალური წარმომადგენლები არიან. შეხვედრები ამ ეტაპზე მხოლოდ ერგნეთში იმართება და მასში მონაწილეობენ საქართველოს ხელისუფლების, აშშ-ის, რუსეთის და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები.