დარჩიაშვილი ეუთოს მინისტრთა საბჭოს სესიაზე: თამაზ გინტურის მკვლელობა ეთნიკური ქართველების წინააღმდეგ ძალადობის კიდევ ერთი აქტია

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა ეუთოს მინისტრთა საბჭოს პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მშვიდობიანი მოქალაქის, თამაზ გინტურის მკვლელობა ეთნიკური ქართველების წინააღმდეგ ძალადობის კიდევ ერთი აქტია.


დარჩიაშვილის თქმით, საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის ომი ცივი ომის შემდეგ სუვერენული ქვეყნის საზღვრების ძალის გამოყენებით შეცვლის პირველი მცდელობა იყო.

„15 წელზე მეტია, უკვე რუსეთი აგრძელებს საქართველოს განუყოფელი რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების - უკანონო ოკუპაციას. ეს საერთაშორისო სამართლის პრინციპებისა და ნორმების უხეში დარღვევაა.

ხალხი, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცხოვრობს, ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევების მსხვერპლი ხდება. ისინი მავთულხლართებით კილომეტრებით არიან იზოლირებულნი სასოფლო-სამეურნეო მიწებისგან, სალოცავი ადგილებისგან, წართმეული აქვთ გადაადგილების უფლება, ძირითადი საჭიროებებისადმი წვდომა.


უკანონო დაკავებები და გატაცებები მზარდი პრაქტიკაა, რომელიც მათ ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს საფრთხის ქვეშ აყენებს.

ცოტა ხნის წინ, რუსული საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მშვიდობიანი მოქალაქის, თამაზ გინტურის მის მშობლიურ სოფელ კირბალთან მკვლელობა, ეთნიკური ქართველების წინააღმდეგ ძალადობის კიდევ ერთი აქტია“, - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

მისივე განცხადებით, რუსეთის სრულმასშტაბიანმა სამხედრო აგრესიამ ჩემი ქვეყნის წინააღმდეგ 2008 წელს, 2014 წელს უკრაინული ყირიმის ანექსიამ და უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე აგრესიამ საფრთხე შეუქმნა წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს. ილია დარჩიაშვილის თქმით, საერთაშორისო საზოგადოების კონსოლიდირებული პოზიცია უმნიშვნელოვანესია იმისთვის, რომ რუსეთმა აგრესია შეწყვიტოს, საერთაშორისო ვალდებულებები შეასრულოს, თავისი მეზობლების სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას სცეს პატივი და უკანონოდ ოკუპირებული ტერიტორიებიდან თავისი ძალები გაიყვანოს.“


ეუთოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს 30-ე სხდომაში რუსეთის სააგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის მონაწილეობის გამო მინისტერიალს ბოიკოტი გამოუცხადეს უკრაინის, ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთის და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა.

დღეს, 30 ნოემბერს, მას შემდეგ რაც გამოცხადდა, რომ შემდეგი გამომსვლელი იქნებოდა სერგეი ლავროვი დელეგატების ნაწილმა დარბაზიდან გასვლა დაიწყო.