ევროკავშირი გაყინული რუსული აქტივების უკრაინისთვის გამოყენების გეგმების შესახებ გამოაცხადებს - Bloomberg

უახლოეს კვირებში ევროკავშირი გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული საგადასახადო მოგების გამოყენების შესახებ გეგმას გამოაცხადებს. ამის შესახებ Bloomberg- წერს.

მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი წევრი ქვეყანა, როგორიცაა გერმანია, ეწინააღმდეგება ევროკავშირის მასშტაბით კანონმდებლობის შემოღების გეგმებს, რადგან შიშობს, რომ ეს შეიძლება, გარკვეულ რისკებს შეიცავდეს, ზოგიერთმა ქვეყანამ ამ მიმართულებით გარკვეული ნაბიჯები უკვე გადადგა.


კერძოდ, ბელგიამ 11 ოქტომბერს განაცხადა, რომ 1,7 მილიარდი ევროს (1,8 მილიარდი დოლარი) ფონდი შექმნა უკრაინისთვის, რომელიც გაყინული რუსული აქტივებისგან მიღებული სარგებლით დაფინანსდება.


„მნიშვნელოვანია, რომ ბელგია გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც რუსული ტერორისგან დაცვის მხარდასაჭერად, გაყინული რუსული აქტივების გამოყენება დაიწყო. თანხები მოხმარდება ჩვენი სახელმწიფოს უსაფრთხოების დახმარებას და უკრაინის რეგიონებში საგანგებო აღდგენის პროექტებს,“ - წერდა გასულ თვეში ვოლოდიმირ ზელენსკი Twitter-ზე.


იმავე პერიოდში ესტონეთის მთავრობამ დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც გაყინული რუსული აქტივების უკრაინაში გადაცემას უზრუნველყოფს.

„რუსეთმა უნდა აუნაზღაუროს უკრაინას ომის შედეგად მიყენებული ყველა ზიანი,“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა კაია კალასმა.