თეა წულუკიანი: კარგი იქნებოდა, საერთაშორისო თანამეგობრობა მელიას სამაჯურის მოხსნაზე აღშფოთებულიყო

"საერთაშორისო თანამეგობრობა კარგი იქნებოდა თუ მაშინ აღშფოთდებოდა, როდესაც ბატონმა მელიამ ასეულობით სხვა პრობაციონერის თვალწინ და საზოგადოების თვალწინ სამაჯური მოიხსნა, ისროლა ქუჩაში და თქვა, რომ არც კანონი მაინტერესებს და არც კონსტიტუცია",- ამის შესახებ პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა საქართველოს "პირველი არხის" ეთერში განაცხადა.

თეა წულუკიანის თქმით, ქართული ოცნება ნიკა მელიას დაკავების გამო კრიტიკულ გამოხმაურებებს ელოდა, რადგან გასული 8 წელი სხვადასხვა ყოფილ თუ მოქმედ პოლიტიკოსთან მიმართებაში ეს იყო მათი "ყოველდღიურობის ნაწილი".

"კრიტიკულ გამოხმაურებებს ველოდით, რადგან სწორედ ამას ვიხსენებდი, რვა წელი მე პირადად ამის მეტი არაფერი მინახავს. დღეს აღარ ვარ მინისტრი და შემიძლია, ხმამაღლა ვუთხრა ჩემს ხალხს, რომ მუდმივად ჩვენ ვიყავით ზეწოლის ქვეშ, არ დააკავო ბაჩო ახალაია, არ დააკავო ვანო მერაბიშვილი, მიშა სააკაშვილი არის პოლიტიკოსი და შესაბამისად, თურმე არ შეიძლება მას მართლმსაჯულებამ კითხვები დაუსვას. ეს იყო ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილი. შესაბამისად, გვაქვს რა ეს გამოცდილება. ამ გამოცდილებიდან გამომდინარე, ჩვენ ველოდით მწვავე შეფასებებს", - თქვა წულუკიანმა.

წულუკიანი პირველ არხთან საუბრისას რესპუბლიკერ კონგრესმენს, ადამ კინზინგერსაც შეეხო და თქვა, რომ არ ჰგონია, კინზინგერი პარლამენტზე შტურმის მიტანაზე კარგი აზრის იყოს.

"მიუხედავად ამისა, არ მგონია, ბატონი კინზინგერი ფიქრობდეს, რომ თუკი აშშ-ის წარმომადგენლობით ორგანოზე შტურმს მიიტან ეს ცუდია, ხოლო საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფოს პარლამენტზე შტურმს თუ მიიტან, ეს კარგია. მე არ ვფიქრობ, რომ ის ასე შეიძლება ფიქრობდეს, ამას არც კი ვუშვებ. შესაბამისად, გაერკვევა საერთაშორისო თანამეგობრობა იმაში, რაში გარკვევაც ძალიან მარტივია.

სახეზე გვაქვს პარლამენტზე შტურმის მიმტანი ადამიანი, ბრალდებული, რომელმაც გირაო არ გადაიხადა, დაარღვია კანონი და საერთაშორისო თანამეგობრობა კარგი იქნებოდა თუ მაშინ აღშფოთდებოდა, როდესაც ბატონმა მელიამ ასეულობით სხვა პრობაციონერის თვალწინ და საზოგადოების თვალწინ სამაჯური მოიხსნა, ისროლა ქუჩაში და თქვა, რომ არც კანონი მაინტერესებს და არც კონსტიტუცია. კანონი და კონსტიტუცია მნიშვნელოვანია საქართველოსთვის ისევე, როგორც ნებისმიერი დასავლური სახელმწიფოსთვის და ჩვენ ამას განუხრელად მივყვებით", - თქვა წულუკიანმა.