ირაკლი ღარიბაშვილი დუბაიში, შარლ მიშელს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს შეხვდა. საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, დუბაიში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი და რეფორმების დღის წესრიგი განიხილეს.


„ყურადღება გამახვილდა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ ევროკომისიის დადებით რეკომენდაციაზე. პრემიერ-მინისტრმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ უკვე განხორციელებული რეფორმების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, საქართველო აგრძელებს ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების წარმატებით დაწყებულ პროცესს. ხელისუფლებას თითოეულ რეფორმაზე კონკრეტული ხედვა აქვს, გაწერილია შესაბამისი სამოქმედო გეგმა, შესრულების ვადები და ამ პროცესში ხელისუფლება ევროკავშირის წარმომადგენლებთან კოორდინაციაში მუშაობს.


ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი ევროკომისიამ დაადასტურა და ახლა ჩვენი ქვეყანა კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ ევროპული საბჭოს დადებით გადაწყვეტილებას ელის.

ირაკლი ღარიბაშვილმა შარლ მიშელს ევროკავშირის რეკომენდაციების იმპლემენტაციის პროცესში გაწეული დახმარებისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა ევროინტეგრაციის გზაზე ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შემდგომი მხარდაჭერის მნიშვნელობას,“ - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.


„გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ორგანიზებული 28-ე კონფერენციის ფარგლებში  კლიმატის ცვლილებებთან გამკლავების თემატიკაზე ნაყოფიერი საუბარი მქონდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან. შეხვედრაზე განვიხილეთ საქართველოს რეფორმების დღის წესრიგი და ევროინტეგრაციის გზაზე მიღწეული წინსვლა.

მადლობელი ვარ შარლ მიშელის მხარდაჭერისთვის და მოუთმენლად,  თავდაჯერებით ველი დეკემბერში საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მონიჭებას!” - წერს თავის მხრივ, ირაკლი ღარიბაშვილი X-ზე.